საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე რომ უფროსი ასაკის მოსახლეობა რთულ პირობებში ცხოვრობს, ეს ფაქტია. სხვა თუ არაფერი, ამაზე პენსიების არსებული მოცულობაც მიგვანიშნებს. დღესდღეობით 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 240 ლარითაა განსაზღვრული, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფი პენსიონერები თვეში 275 ლარს იღებენ. აქ საინტერესოა ის გარემოება, რომ პენსიის მოცულობებსა და საარსებო მინიმუმს შორის განსხვავება საკმაოდ მცირეა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს და ეს სტატისტიკა არარეალისტურია, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პენსიების მოცულობა ქვეყანაში, ფაქტობრივად, საარსებო მინიმუმის დაკმაყოფილებასაც ვერ უზრუნველყოფს. თუმცა, როდესაც საქმე უფროსი ასაკის მოსახლეობას ეხება, საზოგადოების გარკვეული ნაწილის დიდი აგრესია უშუალოდ ლიბერთი ბანკის წინააღმდეგ მიდის, რომელსაც ბრალად საპენსიო სესხების მაღალ განაკვეთს დებენ. შესაბამისად ჩვენ დავინტერესდით იმით, თუ რეალურად რას მიიჩნევს მთავარ პრობლემად საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც კრიტიკას ლიბერთი ბანკის მიმართ ახორციელებს. სწორედ ამიტომ რამდენიმე კითხვით საბანკო სფეროს ექსპერტს ლია ელიავას მივმართეთ:
- საპენსიო თემატიკა არის ერთ -ერთი ყველაზე მტკივნეული ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. როგორ ფიქრობთ, სადაა ამ თემაში ყველაზე დიდი პრობლემა? - პენსიის მოცულობაში? სხვა სოციალური დახმარებების მოცულობაში? სამედიცინო სერვისების სიძვირეში? ე.წ. საპენსიო სესხის პროცენტის მოცულობაში?
- მე ყველაზე დიდ პრობლემად ვხედავ იმას, რომ ლიბერთი ბანკი იყენებს საბიუჯეტო სახსრებს თავისი კომერციული საქმინაობისთვის და შესაბამისად, მოგების მისაღებად. საბიუჯეტო სახსრები გამოიყოფა ბიუჯეტიდან პენსიონერებისთვის, რომელიც გადაეცემა ლიბერთი ბანკს, რათა მან მოსახლეობაზე დაარიგოს ეს თანხა. ასევე უშუალოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ანაზღაურება ამ დარიგებისათვის. ანუ ფაქტობრივად, ბიუჯეტი უნაზღაურებს ლიბერთი ბანკს პენსიების დარიგებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
- ხო მაგრამ, დღეს პენსიის დარიგებაში სახელმწიფო ფულს არ იხდის - ანუ პენსიის დარიგების სერვისი, ამ ანგარიშების მომსახურება - არის უფასო, ამაში ფულს დღეს არ იხდის სახელმწიფო, ამაში დღეს ფულს არ იხდის პენსიონერი - ეს ფული უნდა გადაიხადსოს ტენდერში გამარჯვებულმა კომერციულმა ბანკმა.
- არ გეთანხმებით. ხელშეკრულებითაა ეს განსაზღვრული. თუ არ ვცდები 1,5 მლნ ლარია გამოყოფილი ბიუჯეტიდან პენსიების დარიგების პროცესისთვის. ხოლო თუ ლიბერთი ბანკს ეს პოზიცია აქვს, რაც თქვენ ახსენეთ, მაშინ გამოაქვეყნონ ხელშეკრულების დეტალები და ამ ყველაფერს მხოლოდ მაშინ დავიჯერებ. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი ხუჭავს თვალს იმაზე, რომ სესხების გაცემა ხდება არა საპროცენტო განაკვეთის, არამედ მაღალი საკომისიოების საფუძველზე. ასეთი საქმინაობა მხოლოდ კერძო გამსესხებლებისთვისაა დამახასიეთებელი. სწორედ საქმიანობის ასეთი პრაქტიკა გააჩნია დღეს ლიბერთი ბანკს პენსიების გაცემასთან დაკავშირებით. ეს არის ეროვნული ბანკის რეგულაციების დარღვევა, რომელიც მოითხოვს, რომ საკრედიტო რესურსზე დადგენილი იყოს წლიური საპროცენტო განაკვეთი. ფაქტობრივად, ყველაზე დაუცველ ფენას დღეს ლიბერთი ბანკი უბრალოდ ძარცვავს.
- თუმცა აქ ერთი ლოგიკური აქსიომაც არსებობს: საბაზრო ეკონომიკა ეფუძნება პრინციპს, რომ, რაც უფრო მაღალრისკიანია პროდუქტი, მით უფრო ძვირია ის - აქედან გამომდინარე, სწორედ 1000 ლარამდე, ანუ შედარებით მცირე მოცულობის სესხებია ყველაზე ძვირი. ამას ემატება ის, რომ პენსიონერი რისკს ვერ აზღვევს სხვა შემოსავლით, არ ყავს სხვა, პოტენციური თანადამფინანსებელი - ანუ თავმდები, არ აქვს დაზღვევა - და შესაბამისად, ეს პროდუქტია ყველაზე ძვირი. ზოგადად, დასაშვებად მიგაჩნიათ ასეთი სესხების არსებობა? იქნება საერთოდაც უნდა აიკრძალოს მსგავსი პროდუქტის არსებობა საბანკო სფეროში?
- ზოგადად პენსიონერებს კომერციული ბანკები ნორმალურ სესხს არ აძლევენ, რადგან რისკის ფაქტორი მაღალია. მაგრამ ლიბერთი ბანკის შემთხვევაში, ამას სესხი არ ჰქვია. ლიბერთი ბანკი უბრალოდ იყენებს საპენსიო სახსრებს და ახდენს მათ კომერციალიზაციას, ხოლო ამის შემდეგ ლიბერთი რა საპროცენტო განაკვეთს დააწესებს, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. მეორეს მხრივ, ასაკოვანი ხალხის მოტყუება, ანუ არა საპროცენტო განაკვეთის დაწესება, არამედ საკომისიო განაკვეთის დაწესება და ასე გათვლა მოხუცებული ადამიანების დავალიანებისა, არაპატიოსანია.
- ანუ თქვენ ამბობთ რომ სესხები უნდა არსებობდეს პენსიონერებისთვის, უბრალოდ ლიბერთი ბანკის სესხს სესხი არ ქვია და ბიუჯეტს კომერციალიზაციისთვის იყენებს?
- მე ვთვლი, რომ პენსიონერს უნდა ჰქონდეს ისეთი სოციალური ანაზღაურება, რომ მას არ დასჭირდეს სესხის აღება. პენსიონერი უნდა იყოს სოციალურად დაცული და ძლიერი, რომ მას არ სჭირდებოდეს სესხის აღება.
საინტერესოა ისიც, რომ ამავე პროდუქტს გავს ე.წ. ოვერდრაფტი. საჯაროდაც გაჟღერებულა, რომ ეს პროდუქტი პენსიონერებზე უნდა აიკრძალოს. მათ, ანუ პენსიონერებს აქვთ განცდა, რომ უბრალოდ წინასწარ იღებენ რამდენიმე თვის პენსიას,რეალურად კი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი, მაღალპროცენტიანი პროდუქტი - სამომხმარებლო სესხზე ძვირიც კი.
- როგორ ფიქრობ? აქვს ამ აზრს არსებობის უფლება, რომ აიკრძალოს ოვერდრაფტი?
- მე ამაზე გეტყვით ჩემს კატეგორიულ პოზიციას, რომელიც გულისხმობს შემდეგს, რომ ერთ კომერციულ ბანკს არ უნდა ჰქონდეს პენსიის გაცემის საშუალება. აქ, საჭიროა, პენსიონერს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება თუ რომელი ბანკისგან აიღებს ის პენსიას.
- რეალურად, ჩვენ ვსაუბრობთ უფროსი თაობის რთულ სოციალურ მდგომარეობაზე. როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად რა მოახდენს მათ სოციალურ პრობლემებზე ყველაზე დიდი გავლენას. ეტაპობრივად, რა შეუმსუბუქებს მათ ამ მდგმარეობასა - რა უნდა გაკეთდეს და ვის მიერ?
- ყველაფერი დამოკიდებულია ფულის მოცულობაზე სახელმწიფო ბიუჯეტში. თქვენ იცით, რომ უკვე საკმაოდ თანხაა დაგროვილი საპენსიო სააგენტოში, რომელსაც იხდიან დაქირავებულები და დამქირავებლები. ამიტომ სახელმწიფომ კეთილი ინებოს და ეს საპენსიო თანხა, რომელიც კომერციულ ბანკში უდევს, გამოიყენოს ასაკოვანი მოსახლეობის მატერიალური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის.
მოცემულმა ინტერვიუმ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე მოგვცა ყურადღების გამახვილების შესაძლებლობა. პირველი ეს ინფორმაციის ასიმეტრიულობაა, რადგან საზოგადოების აღშფოთებული ნაწილი ლიბერთი ბანკის ბრალს ბიუჯეტის თანხების გამოყენებაში დებს, ეს მაშინ როდესაც ლიბერთი ბანკი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს პენსიების დარიგებას სხვადასხვა რეგიონში. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პირველ კითხვაზე პასუხი აცდენილი იყო კითხვის კონცეფციას, რამდენიმე კითხვის შემდეგ მაინც გამოჩნდა პასუხი, სადაც ნახსენებია, რომ თავარი პრობლემა დღეს ეკონომიკაში უნდა ვეძებოთ, რომლის გამოც, უფროსი ასაკის ადამიანები შესაბამის სოციალური დახმარებებს ვერ იღებენ.
გარდა ამისა, საინტერესოა პრობლემის გადაჭრის გზაც, რომელიც ინტერვიუს ბოლოსაა მოცემული. ეს იდეა იმას გულისხმობს, რომ მოსახლეობის შემოსავლებიდან მოჭრილი 2% უშუალოდ პენსიონერების დასახმარებლად წავიდეს. სინამდვილეში საპენსიო სააგენტოს კონცეფცია სულ სხვაა, იგი ორიენტირებულია იმაზე, რომ დაგროვილი ფული იქ დააბანდოს, სადაც მინიმუმ ინფლაციაზე მაღალ მოგებას მიიღებს. ხოლო პენსიონერისთვის სხვისი ფულის დარიგება, ამ ყველაფერს რომ არ უზრუნველყოფს, ცხადია. ანუ გამოდის, რომ სოციალური პრობლემის გადაჭრის გზა, რასაც ექსპერტი გვთავაზობს, უბრალოდ, არარეალისტური და საკმაოდ ბუნდოვანია.