ეკვადორის, კოლუმბიის, გვატემალას, ჰონდურასის, პანამის, დომინიკის რესპუბლიკისა და კოსტა რიკას ბანანის მწარმოებლებმა და ექსპორტიორებმა ე.წ. საერთო პასუხისმგებლობის რეგიონული შეთანხმება გააფორმეს, რომელშიც საცალო მოვაჭრეებს ყუთ ბანანზე ფასების გადახედვასა და გაზრდას თხოვენ. ინფორმაციას FreshPlaza ავრცელებს.
ეგრეთ წოდოებული, ბანანის კლასტერი (Banana Cluster) ირწმუნება, რომ ბანანის ინდუსტრიაში სამეწარმეო ხარჯები 30%-დან 45%-მდე გაიზარდა, ამიტომ ევროპულმა, ბრიტანულმა და ამერიკულმა სუპერმარკეტებმა ყუთ ბანანზე ფასებს გლობალური ხარჯების გაზრდის საერთაშორისო რეალობისა და მდგრადობის მიღწევის მოთხოვნების შესაბამისად უნდა გადახედონ.
წინა კვირას ეკვადორის ბანანის კლასტერმა აშშ-ს ბაზარზე სამი კომპანიის ინიციატივა მოიწონა, რომლებმაც მწარმოებლებისა და ექსპორტიორების მოთხოვნა გაიზიარეს. მაგალითად, Fresh Del Monte-მ ერთი ფუნტი ბანანი 0,05 დოლარით გააძვირა, კომპანია Dole-მ კი თითო ყუთზე ფასი 1,61 დოლარით გაზარდა, ასევე, Fyffes-მა ერთ ყუთ ჩვეულებრივ ბანანზე ფასს 1,60 დოლარით მოუმატა.
ეკვადორის ხილისთვის შეერთებულ შტატებს მსოფლიოში მეოთხე ადგილი უკავია. იანვრიდან სექტემბრამდე აშშ-ს მიმართულებით ექსპორტზე 28,6 მილიონი ყუთი ბანანი გავიდა, რაც მთლიანი ხილის, 281,95 მლნ ყუთის ექსპორტის 10,17%-ს შეადგენს.
„ჩვენ მსგავს რეაქციას სხვა ბაზრებზეც მოველით, რათა გლობალური სიტუაციის კომპენსირება თითოეული ამ ბაზრის განსხვავებული თავისებურებების შესაბამისად მოხდეს. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი ჭეშმარიტი სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების შენარჩუნება, რომლისკენაც ბანანის წარმოება მიისწრაფვის,“ - ნათქვმაია მწარმოებელთა და ექსპორტიორების ერთობლივ განცხადებაში.
ბანანის კლასტერის მონაცემებით, სამეწარმეო ხარჯების 30-45%-ით ზრდა გულისხმობს, მაგალითად, სასუქების 35%-დან 45%-მდე გაძვირებას, ასევე, მუყაოზე ფასის 30%-მდე, პლასტმასზე კი 45%-მდე მატებას.
Banana Cluster მომხმარებლებს, სუპერმარკეტებს, იმპორტიორებსა და ქსელის ყველა მონაწილეს მოუწოდებს, თანმიმდევრულად, სხვადასხვა გარე ფაქტორების ზემოქმედების გააზრებით იმოქმედონ.
„ხარჯები მხოლოდ მწარმოებლებს არ უნდა აწვებოდეს და საბაზრო ჯაჭვის ყველა მონაწილემ უნდა გაიზიაროს, რადგან თუ ფასის აუცილებელი ზრდა არ მოხდება, ბანანის მდგრადობას საფრთხე დაემუქრება,“ - ნათქვამია განცხადებაში.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ