პორტუგალიაში არასამუშაო საათებში თანამშრომლებთან დარეკვა და მიწერა იკრძალება

პორტუგალიაში არასამუშაო საათებში თანამშრომლებთან დარეკვა და მიწერა იკრძალება. ამას ითვალისწინებს ქვეყნის შრომის კანონში შეტანილი ცვლილებები. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

პორტუგალიის მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ განაცხადა, რომ ახალი წესები COVID-19-ის პანდემიის შედეგად, სახლში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას პასუხობს.

კომპანიებს, ასევე, მოუწევთ თანამშრომელთა დისტანციური მუშაობის ხარჯები, მაგალითად, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის მაღალი გადასახადები დაფარონ. დამსაქმებლებს შეუძლიათ, ეს ხარჯები ბიზნეს-ხარჯებში გაატარონ და ჩამოწერონ.

თუმცა ცვლილებები არ შეეხება კომპანიებს, რომლებსაც 10-ზე ნაკლები თანამშრომელი ჰყავს. გარდა ამისა, პორტუგალიელმა დეპუტატებმა ცვლილებებში ე.წ. „გათიშვის უფლება“ არ შეიტანეს, რომელიც არასამუშაო საათებში სამუშაო შეტყობინებებისა და მოწყობილობების გამორთვის კანონიერ უფლებას იძლეოდა.

ახალი წესები კარგი ამბავია მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის, რომლებსაც, დამსაქმებლებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, სახლდან მუშაობის უფლება მიენიჭათ, ვიდრე მათი შვილი 8 წლის არ გახდება.

დისტანციური მუშაობის წესებში, ასევე, მარტოობასთან ბრძოლის ზომები შევიდა, რომლის მიხედვითაც, კომპანიებმა პირადი შეხვედრები, მინიმუმ, ორ თვეში ერთხელ უნდა გამართონ.

პორტუგალია იყო პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული დისტანციური მუშაობის წესები მიმდინარე წლის იანვარში შეცვალა. დროებითმა რეგულაციებმა დისტანციური მუშაობა სავალდებულო ზომად აქცია და დამსაქმებლები დაავალდებულა, სახლიდან მუშაობა საჭირო ინსტრუმენტებით უზრუნველყონ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ