იოჰანეს ჰანი: თუ მოვლენების განვითარებას გადავხედავთ, რუსეთისთვის სანქციების გაუქმების საბაბი არ გვაქვს

თუ მოვლენების ბოლოდროინდელ განვითარებას გადავხედავთ, რუსეთისთვის სანქციების გაუქმების საბაბი არ გვაქვს.

ამის შესახებ ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა დღეს ილიას უნივერსიტეტში, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესაძლო გაუქმების შესახებ ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ფედერიკა მოგერინის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

"როდესაც უმაღლესმა წარმომადგენელმა წამოწია სანქციების საკითხი, ვფიქრობ, ეს, ძირითადად, იმის გამო მოხდა, რადგან სანქციების ნაწილს - მარტში, ნაწილს კი ივნისში ვადა ეწურება. ამიტომ ჩვენ უნდა განვიხილოთ ხელახლა საკითხი მათი გაგრძელების თაობაზე. თუ ჩვენ ამ საკითხზე დისკუსიას არ გავმართავთ, ვადის ამუწურვის შემდეგ ისინი ავტომატურად შეჩერდება, რაც ამ ეტაპზე მე ვიტყოდი, რომ არარეალისტურია. თუ ჩვენ მოვლენების ბოლოდროინდელ განვითარებას გადავხედავთ, სანქციების გაუქმების საბაბი არ გვაქვს. მეორე მხრივ, ამ სანქციებით ბედნიერი არავინაა და სანქციები არ არის საუკეთესო გამოსავალი, მაგრამ ზოგჯერ ის აუცილებელია და როგორც ვხედავთ, კარგად მუშაობს", - განაცხადა ჰანმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ყოველთვის ღიაა დისკუსიისთვის, თუმცა ევროკომისარი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში პირველი ნაბიჯი რუსეთმა უნდა გადადგას პოზიტიური ცვლილებების კუთხით.