მიხეილ მაჭავარიანი: საქართველოში ექსპორტის მაჩვენებელი შემცირდა და ჯამში 2013 წელზე ნაკლები შეადგინა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოში ექსპორტის მაჩვენებელი შემცირდა და ჯამში 2013 წელზე ნაკლები შეადგინა.

როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, ფინანსთა სამინისტრომ 5 იანვრის განცხადებით მოსახლეობას მიულოცა ახალი წელი და ამცნო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა წინასწარი მონაცემებით შეადგინა, 9 მლრდ 120 მლნ (ცხრა მილიარდ ასოცი მილიონი) ლარი, მაგრამ ყურადღება არ გაუმახვილებია, რომ აღნიშნული მხოლოდ მოსახლეობის მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე განხორციელდა და სხვა ფაქტორებით.

"კერძოდ: 1. ვალუტის კურსის ცვლილებით ბიუჯეტში დამატებით მიღებული იქნა მხოლოდ იანვარი-ნომბერის თვეებში 52 მლნ ლარი, რადგან ბიუჯეტის მიხედვით გაცვლითი კურსი დაგეგმილი იყო 1,7 ოდენობით ხოლო ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საშუალოდ ამ მაჩვენებელმა შეადგინა 1.75 ერთეული. ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით მნიშვნელოვნად იზარალა მოსახლეობამ, რადგან გაუძვირდათ პროდუქტი ხოლო ამ ფაქტით ისარგებლა მთავრობამ, რადგან მეწარმეებს მოუწიათ მეტი გადასახადის გადახდა;

2. ფინანსთა სამინისტრომ 2014 წლის ბიუჯეტი დაგეგმა 2013 წლის ბიუჯეტზე ნაკლები 100 მლნ ლარით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა გაიზარდა 3%-ით, და აქციზის გადასახადმაც მოიმატა. მათ მოიმიზეზეს დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება და საგადასახადო შემოსავლების გეგმა შეამცირეს 200 მლნ ლარით. რეალურად მოსახლეობას დაუბრუნეს 128 მილიონი ლარი და დარჩენილი 72 მლნ მოხმარდა გეგმის შესრულებას. გვაქვს ეჭვი, რომ მოსახლეობაზე დაუბეგრავი მინიმუმის სახით დაბრუნებული თანხა ფინანსთა სამინისტრომ ჯერ საგადასახადო შემოსავლებში ასახა, რათა დაეფიქსირებინა გეგმის შესრულება და პარალელურად უკან დააბრუნა.

3. 150 მლნ ლარი ბიზნესს უკან არ დაბრუნებია, რასაც ბიუჯეტის დაგეგმილი პარამეტრები ითვალისწინებდა და თითქოს წინა წლებში ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნებას წარმოადგენდა;

4. დამატებითი შემოსავლები შემოვიდა ასევე დეკემბრის თვის მეორე ნახევარში სწრაფი ტემპით მობილიზებული უცხოეთიდან გადმორიცხული გრანტებისა და სესხების ხარჯზე, მაგრამ თანხების მოცულობაზე მოგვიანებით გაცნობებთ, როდესაც ოფიციალურად სამინისტრო გამოაქვეყნებს მონაცემებს.

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 2014 წელსაც ვერ შესრულდა", -განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ნათლად გამოჩნდა, რომ მთავრობის მიერ გაცხადებული პოლიტიკა თითქოს ხელს უწყობენ ბიზნესს და განსაკუთრებით ექსპორტს ასტიმულირებენ, არ შეესაბამება რეალობას, რადგან 2014 წელს 2%-ით (45 მლნ დოლარით) შემცირდა ექსპორტის მოცულობა 2013 წლის ექსპორტის მოცულობასთან შედარებით და 2863 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

"აღნიშნული ფაქტით გამართლდა ჩვენი პროგნოზი, რომ ქვეყნის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და რუსეთის ბაზრის იმედად არ შეიძლება ქვეყნის ექსპორტის ზრდაზე პროგნოზების გაკეთება და ბიზნესის განვითარება; 2014 წლის პირველი თერთმეტი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალური ზრდის 5,0 პროცენტისა და 2013 წელს მხოლოდ დეკემბრის თვის რეალური ზრდის პროგნოზის გათვალისწინებით აქვე გამოვთქვამთ ეჭვს, რომ 2014 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილი 5%-ს ვერ მიაღწევს, როდესაც მთელი 10 თვის მანძილზე ამ მაჩვენებლის გადაჭარბებით შესრულებას გვპირდებოდნენ. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, 2014 წლის ბიუჯეტის გადასახდელები 98,8% შესრულდა და ბოლო 10 წელიწადში ეს მაჩვენებელი უპრეცედენტოა. სამწუხაროდ, მთავრობა სულ წარსულში იხედება ნაცვლად მომავალზე ზრუნვისა, მაგრამ ამასობაში მთავარი ფაქტები ავიწყდება, რომ ყოველწლიურად ბიუჯეტი თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით მხოლოდ იზრდებოდა და 7-ჯერ იქნა გაზრდილი 2004-2012 წლებში, ნაცვლად 2 წლიანი შეუსრულებლობისა.

გარდა ამისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ხაზინის ოპერატიული ინფორმაციაზე დაყრდნობით გადასახდელების შესრულებას დააკლდა 166 მლნ ლარი. გადასახდელების შესრულებაში დიდი წვლილი 100 მლნ ლარით ფინანსური აქტივების ზრდის მუხლზე მოდის, რასაც ბიუჯეტი არ ითვალისწინებდა და ეს თანხები ან დეპოზიტზეა განთავსებული ან გასესხებული, რაც ბიუჯეტის ხელოვნურად შესრულების ფაქტია, როდესაც აცხადებენ, რომ წარმატებულად შესრულდა ბიუჯეტი გადასახდელების ნაწილში. აქვე გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც გეგმების შემცირებას უკავშირდება სამინისტროების მიერ და აღნიშნულის ხარჯზე ფიქსირდება, რომ სამინისტრომ ბიუჯეტი შეასრულა, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წლიური გეგმა 41 მლნ ლარით იქნა შემცირებული; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამა 49 მლნ ლარით იქნა შემცირებული და რაც მთავარია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წლიური გეგმა 25 მლნ ლარით შეამცირეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას 25 მლნ ლარით ნაკლები სამედიცინო მომსახურება მიეწოდა, როდესაც მთავრობის განცხადებით პირორიტეტს ჯანდაცვის სფერო წარმოადგენს", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.