საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ენგურჰესთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს უარყოფს

"კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე მოლაპარაკების დაწყებას "ენგურჰესის" კუთვნილებასთან დაკავშირებით”

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს "ენგურჰესის" კუთვნილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე მოლაპარაკების დაწყებას "ენგურჰესის" კუთვნილებასთან დაკავშირებით. "ენგურჰესი" მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე და ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს. "ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორის განცხადება აცდენილია რეალობას. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ საქართველოს ამ რეგიონის წინაშე. მიუხედავად კონფლიქტისა და არსებული პოლიტიკური სირთულეებისა, "ენგურჰესი" ისევე აწვდის ელექტროენერგიას აფხაზეთს, როგორც - ჩვენი ქვეყნის სხვა ნებისმიერ კუთხეს. აღვნიშნავთ, რომ "ენგურჰესის" ოპერირებას ახორციელებდა და მომავალშიც განახორციელებს საქართველოს სახელმწიფო, ჩვენ ვუწევთ მონიტორინგს ჰესის სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს. "ენგურჰესის" ექსპლუატაციის სრულ ხარჯს ფარავს საქართველოს მთავრობა",- ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

აფხაზურ მხარესთან "ენგურჰესის" კუთვნილებაზე მოლაპარაკებებს გამორიცხვას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილიც. როგორც ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს "ჩერნომორენერგოს" ხელმძღვანელის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, მას შემდეგ რაც 90-იან წლებში საომარი მოქმედებები დამთავრდა, "ენგურჰესის" ექსპლუატაციას აწარმოებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

"ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ექსპლუატაცია იქნება თუ გარკვეული სარემონტო სამუშაოები, ხორციელდება ენერგეტიკის სამინისტროს მიერ, რომელსაც ბუნებრივია, ჰქონდა გარკვეული კონტაქტები აფხაზურ მხარესთან, რადგან "ენგურჰესის" მთელი კომპლექსი გაყოფილია გარკვეულწილად მდინარე ენგურის ორივე მხარეს, კაშხალი არის წალენჯიხის რაიონში და თვითონ ელექტროსადგური არის გალის რაიონში. ბუნებრივია, ელექტროსადგური ვერ იმუშავებს თუ არ მიეწოდება ის წყალი, რაც არის განთავსებული წყალსაცავში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. კითხვაზე, "ენგურჰესის" კუთვნილებასთან დაკავშირებით აწარმოებს თუ არა ქართული მხარე მოლაპარაკებებს, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

რუსული და აფხაზური მედიის ინფორმაციით, კომპანია "ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორი ასლან ბასარია აცხადებს, რომ "ენგურჰესის" კუთვნილებასთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები დაწყებულია. "ქონების რეესტრში ეს ობიექტი არ არის. საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გავედით მოლაპარაკებების პროცესზე ქართულ მხარესთან. თუ ეს საკითხი არ გადაწყდება, როგორც აფხაზეთი, ასევე საქართველო დაზარალდება", - განაცხადა ბესარიამ.