რა თანხას დახარჯავს მთავრობა ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის მოსაძიებლად - ბიუჯეტის პროექტი

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის გაისად 1.516 მლნ ლარი დაიხარჯება.

,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, კონკრეტულად რას მოხმარდება აღნიშნული თანხა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განგვიცხადეს, თანხის უდიდესი ნაწილი საკონსულტაციო მომსახურების ხარჯებია. ინვესტორის შერჩევის პროცესი კი მომავალი წლის დასაწყისიდან დაიწყება.

,,სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს 2022 წლის დაგეგმილი (მეორე წარდგენისას) ბიუჯეტი 1.516.2 მლნ ლარს შეადგენს, რომლის უდიდესი ნაწილია საკონსულტაციო მომსახურების ხარჯები. მოგეხსენებათ, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ახალი შესარჩევი კრიტერიუმების ჩამოყალიბებაზე. საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურებით, ინვესტორის შერჩევის პროცესი მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება”- განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

შეგახსენებთ, პარლამენტის ბიუროს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი წარედგინა.

თამარ მუკბანიანი