„ვირჯინ გალაქტიკი“ ყოველთვიურად კოსმოსში 3 ტურისტულ რეისს შეასრულებს

კოსმოსურ ტურიზმზე ორიენტირებული კომპანია „ვირჯინ გალაქტიკი“ იმედოვნებს, რომ 2023 წლიდან, კოსმოსში ტურისტული კომერციული რეისების თვეში სამჯერ შესრულებას შეძლებს.

კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ მაიკლ კოლგლაზიეს თქმით, „ვირჯინი“ საკუთარი მზიდი-გამშვები თვითმფრინავის მოდერნიზაციას და მეორე კოსმოსური ხომალდის დამზადებას აპირებს, რაც თვეში სამი რეისის შესრულების საშუალებას მისცემს.

ახლახანს „ვირჯინ გალაქტიკსმა“ გამოაცხადა, რომ კოსმოსში კომერციული რეისების შესრულების დაწყებას, 2022 წლის მეოთხე კვარტალში გადაიტანს. ბლუმბერგის ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ მზიდ თვითმფრინავ „VMS ივს“ კაპიტალური რემონტი ესაჭიროება.

კომპანიის დამაარსებელმა და მფლობელმა, ბრიტანელმა მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა, ზაფხულში პირველ კომერციულ რეისში მიიღო მონაწილეობა. მას შემდეგ, „ვირჯინ გალაქტიკსმა“ კოსმოსური რეისების დაახლოებით 700 ბილეთი გაყიდა.

ამჟამად ბილეთის ფასი 450 000 დოლარია. თუმცა პირველმა 600-მა მყიდველმა, ბილეთი 200-250 ათას დოლარად შეიძინა. ამჟამად კომპანიას ბილეთების შეძენაზე კიდევ 300 განაცხადი აქვს.

რაც შეეხება მზიდ თვითმფრინავს, მისი მოდერნიზაცია წლების წინ იყო დაგეგმილი. პროექტის შესაბამისად, მოდერნიზაციები კოსმოსურ ხომალდსაც ჩაუტარდება. ამჟამად სწორედ ძირითადი კოსმოსური ხომალდის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.