Coca-Cola-ს ბრიტანული სარეკლამო კომპანია მოემსახურება

Coca-Cola-მ, რომელიც მსოფლიოში რეკლამის ერთ-ერთი უმსხვილესი განმთავსებელი კომპანიაა, გლობალურ მარკეტინგულ პარტნიორად ბრიტანული საკომუნიკაციო ჰოლდინგი, WPP აირჩია. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

ტენდერში გამარჯვებულმა WPP-მ ბრენდის პორტფელი 200-ზე მეტ ქვეყანაში უნდა მართოს. Coca-Cola-ს პროდუქტების პოპულარიზაციის ახალი სტრატეგიის ფარგლებში, WPP, როგორც მთავარი პარტნიორი, ოთხ ძირითად მიმართულებაზე იქნება პასუხისმგებელი. ეს არის კრეატიულობა, მარკეტინგი, დიდი მონაცემები (big data) და მედია. ამ ამოცანის შესასრულებლად ჰოლდინგი, „OpenX“-ის სახელწოდებით, სპეციალურ განყოფილებას შექმნის.

გაზიანი სასმელების მწარმოებელს ბრიტანული WPP დამხმარე მედია პარტნიორთან ერთად მოემსახურება, რომელიც კომპანიის ბრენდების პოპულარიზაციაში ცალკეულ ბაზრებზე ჩაერთვება. ასეთი კონტრაქტორი იაპონური ქსელი, dentsu გახდა. გარდა ამისა, კომპანიამ სხვა სააგენტოების სტრატეგიული სია შეადგინა, რომლებსაც, მათი მდებარეობისა და კუთვნილების მიუხედავად, კომპანიის კრეატიულ რესურსებზე წვდომა ექნებათ. მაგალითად, ამ საიში არის Publicis Groupe და IPG, რომლებიც ღია წყაროს მარკეტინგში მთავარ როლს შეასრულებენ. მოსალოდნელია, რომ მათზე ამ სეგმენტის მთლიანი სამუშაოების მესამედი გადანაწილდება.

მარკეტინგული გუნდები, რომლებიც Coca-Cola-ს ემსახურებიან, მონაცემთა და ტექნოლოგიების ერთიანი პლატფორმით ისარგებლებენ. ერთიანი მარკეტინგული პარტნიორის დასანიშნად Coca-Cola-ს თითქმის ერთი წელი დასჭირდა, რომელზეც ტენდერი გასული წლის დეკემბერში გამოცხადდა.

AdAge-ის მონაცემებით, პანდემიურ 2020 წელს Coca-Cola-ს სარეკლამო გლობალური ბიუჯეტი 2,8 მლრდ დოლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კომპანიამ მარკეტინგსა და რეკლამაზე უკვე 2 მლრდ დოლარი დახარჯა. გაზიანი სასმელების მწარმოებელი მოელის, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტს პანდემიამდელ 2019 წლის დონეს დაუბრუნებს, როცა ხარჯები 4,3 მლრდ დოლარს შეადგენდა.

ახლახან Coca-Cola-მ გლობალური რებრენდინგი განახორციელა და ახალი ბრენდ-პლატფორმა წარადგინა. განახლების ღირებულება არ გახმაურებულა. კომპანიამ ბოლო მნიშვნელოვანი ცვლილებები 2016 წელს დანერგა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ