დაახლოებით, 80 ქვეყანა მსოფლიო თანამეგობრობის დახმარების გარეშე, ვერ შეძლებს 2021 წლის ბოლომდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნის მიღწევას - მოსახლეობის 40 %-ის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის თაობაზე. ამის შესახებ დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
აშშ-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ - შეხვედრაზე, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფოს მინისტრები და სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ჯანმოს ხელმძღვანელმა მონაწილეებს შეახსენა, რომ ორგანიზაციის მიზანია აცრების ჩატარება მოსახლეობის არანაკლებ 40 პროცენტში, თითოეულ ქვეყანაში, 2021 წლის ბოლომდე, 2022 წლის შუა პერიოდამდე კი ქვეყნის მოსახლეობის 70-მდე პროცენტის აცრა.
„დაახლოებით 80 სახელმწიფო, რომელთა უმეტესობა აფრიკაშია, თქვენი დახმარების გარეშე ვერ მიაღწევენ ვაქცინაციის მიზანს“,- განაცხადა გერბეიესუსმა და დასძინა, რომ ამ ამოცანის გადასაჭრელად აუცილებელია 550 მილიონი დოზა ვაქცინა.
მან ონლაინ - შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დააფუძნონ მაღალი დონის სამუშაო ჯგუფი ამ დოზების მიწოდებისთვის, რათა კოვაქსის საერთაშორისო მექანიზმმა, ვაქცინების შეძენის აფრიკის სამიზნე ჯგუფმა და დაბალი შემოსავლების ქვეყნებმა შეძლონ სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა.
ჯანმო-ს ხელმძღვანელი ელოდება, რომ ის სახელმწიფოები, რომლებმაც პირობა დადეს კოვიდ-19-ის ვაქცინების საჩუქრად გადაცემის თაობაზე, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულებენ პირობას.