რუსეთი საექსპორტო ხორბალზე ბაჟის გაზრდას ისევ გეგმავს, პარალელურად იზრდება ფასი ხორბალზეც.
ნულოვანი საბაჟო გადასახადის გამო, ქვეყანა ხორბლის იმპორტიდან, ფქვილის იმპორტზე გადადის, რაც პრობლემას შეუქმნის სასურსათო უსაფრთხოებას. ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
სილაგავას თქმით, ამ პერსპექტივის განვითარების შემთხვევაში შესაძლოა, პრობლემა გახდეს, საერთოდ გვექნება თუ არა ფქვილი და ხორბალი.
,,ბოლო პერიოდმა თავად პრობლემა შეცვალა. დღეს, პრობლემა ფქვილის ფასი კი არა, სასურსათო უსაფრთხოებაა. ჩვენ თუ შევადარებთ ფქვილის იმპორტსა და ხორბლის იმპორტს, ეს თითქოს ჩვეულებრივი მოვლენაა და ბაზრის მოთამაშეები შეძლებენ გადაწყობას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება სირთულე. რადგან, გარდამავალი მარაგები ქვეყანას აღარ ექნება.
პერსპექტივაში, შეიძლება ფასზე აღარ იყოს საუბარი, საუბარი იქნება იმაზე, ფიზიკურად გვაქვს თუ არა ფქვილი და ხორბალი. მიზეზი არის ფქვილის შესანახი ვადა, რომელიც 2 თვეა, მაშინ, როცა ხორბლის შენახვა წლები შეიძლება. ამიტომაა, რომ მთელს მსოფლიოში სტრატეგიული მარაგების შენახვა ხდება ხორბალში.
2012 წლის მსოფლიო კრიზისის შემდეგ გაერომ გამოსცა რეკომენდაცია ყველა ქვეყნისთვის, იმისათვის, რათა სასურსათო უსაფრთხოება იყოს დაცული, მათ უნდა ჰქონდეთ ორი თვის გარდამავალი მარაგი მთლიანი მოხმარების. რეკომენდაციის მიზეზი გახდა თვალსაჩინოდ დანახვა, რომ მარაგის გარეშე რა სირთულეები აქვს ქვეყანას. ამ მიზნით, მემორანდუმიც გაფორმდა ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის, მაგრამ მდგომარეობა მიდის იქეთ, რომ ჩვენი მხრიდან, პირობების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან წისქვილკომბინატები დახურვის პირად არიან“, - განაცხადა სილაგავამ ,,საქმეში“.
შეგახსენებთ, მცურავი საბაჟო გადასახადი, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის მთავარმა იმპორტიორმა, რუსეთმა მიმდინარე წელს დააწესა და ამჟამად, ტონაზე 69,9 დოლარს შეადგენს. სწორედ ეს არის სხვაობა, იმპორტირებული ფქვილის და ხორბლის ფასს შორის.