საქართველოში შესაძლოა, ზეთი კიდევ გაძვირდეს - რუსეთი პროდუქტზე საექსპორტო გადასახადს 82,2 დოლარით ზრდის

საქართველოში ზეთის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში პროდუქციის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი იზრდება და 1-ლი დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ტონაზე 276,7 დოლარი გახდება. ეს მაჩვენებელი გამოთვლილია ინდიკატორული ფასით, რაც ტონაზე 1395,4 დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი. ნოემბერში ეს გადასახადი ტონაზე 194,5 დოლარს შეადგენს.

მზესუმზირის ზეთზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა და ძალაში 2022 წლის 31 აგვისტომდე იქნება. ეს საორიენტაციო და საბაზისო ფასებს (ტონაზე 1000 დოლარი) შორის სხვაობის 70%-ს შეადგენს. ფასების მონიტორინგს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახდენს.

აგრარული ბაზრის კვლევის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, დიმიტრი რილკო აცხადებს, რომ საექსპორტო გადასახადის ზრდა მოსალოდნელი იყო, რადგან მზესუმზირის შესყიდვის ფასმა, წინა პერიოდის მსოფლიო ფასების ფონზე, დაიკლო.

რილკოს მონაცემებით, წელს, დაახლოებით, 15 მილიონი ტონა მზესუმზირა დაიკრიფება, ხოლო 2021/22 წლიურ სეზონზე მზესუმზირის ზეთის ექსპორტმა შესაძლოა, 3,5 მილიონ ტონას მიაღწიოს, რაც ისტორიაში მეორე მაჩვენებელი იქნება.

საქართველოში ზეთის უმსხვილესი იმპორტიორი რუსეთია. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ სულ იყიდა 36,964 მლნ დოლარის ღირებულების 25 257 ტონა ზეთი, აქედან 87,7% რუსეთში - 22 150 ტონა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი - 1 853 ტონით, მესამეზე კი უკრაინა, საიდანაც მიმდინარე წლის 9 თვეში 1 137 ტონა მზესუმზირის ზეთი შემოვიდა.

იმის გამო, რომ საქართველოში ზეთის მთავარი იმპორტიორი რუსეთია, ცხადია, რომ გაზრდილი საექსპორტო ტარიფი ქართულ საცალო ბაზარზეც აისახება. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ დეკემბრიდან ქვეყანაში მზესუმზირის ზეთი ისევ გაძვირდეს.