„საწვავზე აქციზის გადასახადის გადახედვა, დღეს არ დგას დღის წესრიგში“ – „ეს ბერკეტი ცალსახად არის მთავრობის და შესაბამისი პროფილის უწყებების ხელში“

„ეს ბერკეტი ცალსახად არის მთავრობის და შესაბამისი პროფილის უწყებების ხელში“, - ამის შესახებ ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, საწვავზე აქციზის გადასახდის შემცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

თუმცა, როგორც შავლეგ მიშველაძემ აღნიშნა, საკითხის გადახედვა, დღის წესრიგში არ დგას.

„ერთადერთი ბერკეტი, რაც შეიძლება სახელმწიფოს გააჩნდეს, ეს არის გადასახადი. თუმცა ეს ბერკეტიც ვერ არის იმდენად ეფექტური, რამდენადაც ეს შეიძლება ჩემი, თქვენი და საზოგადობის სურვილი იყოს. ამ ბერკეტის გამოყენებას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუმცა, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღები, ბუნებრივია, არის სახელმწიფო.

ეს ბერკეტი (აქციზის გადასახადი) ცალსახად არის მთავრობის და შესაბამისი პროფილის უწყებების ხელში. ბუნებრივია, თუ დადგება დღის წესრიგში საკითხი ამგვარად, ჩვენ ამ პროცესში ჩართული ვიქნებით. თუმცა, აქციზის გადასახადის გადახედვა, დღეს არ დგას დღის წესრიგში. ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, არ დგას.

დღეს დარტყმის ქვეშ ნამდვილად არიან უმსხვილესი წევრები და ჩვენი განცხადებაც სწორედ ამას გულისხმობდა. ძალზე რთულია, როდესაც ერთის მხრივ, ხარ დარტყმის ქვეშ, როდესაც არავითარი ბერკეტი არ გაქვს ზემოქმედების, და მეორეს მხრივ, ეს ამგვარი ტიპის ფორმულირებები (აქტივობა „უარი საწვავის ფასებს“) მთელს ბიზნესზე ახდენს ძალიან ნეგატიურ გავლენას“,- განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.

ნინი ქეთელაური