McDonald's მომღერალ მერაია კერისთან თანამშრომლობით საშობაო აქციას იწყებს

CNN-ის ცნობით, ამერიკელი მომღერალი მერაია კერი McDonald's-თან თანამშრომლობს და როგორც შობის დედოფალი, თავის თაყვანისმცემლებს ერთ-ერთ საუკეთესო საჩუქარს, უფასო საკვებს შესთავაზებს.

მომავალ თვეში McDonald's-ის დებიუტი, „Mariah Menu" გამოცხადდება, რომლის ფარგლებშიც სწრაფი კვების ქსელი ყოველ დღე უფასო მენიუს სხვადასხვა პროდუქტს გასცემს. ამისთვის მომხმარებელს McDonald's-ის აპლიკაციით მხოლოდ 1-დოლარიანი შეკვეთის განხორციელება დასჭირდება. აქცია 13-დან 24 დეკემბრამდე გაიმართება.

"ჩემი საყვარელი მოგონებები ბავშვებთან ერთად McDonald's-ში ჩვენს ოჯახურ სტუმრობებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი საკუთარ მენიუს ვუკვეთავთ. ჩემი არის ჩიზბურგერი, რასაც დამატებითი კიტრის მწნილებით ვუკვეთავ," - აცხადებს მერაია კერი.

„Mariah Menu"-ში Big Mac 13 დეკემბერს, ბლინები 18 დეკემბერს, შოკოლადის ნამცხვრები კი შობის ღამეს შევა.

სწრაფი კვების რესტორნების გლობალურ კომპანიას მსგავსი აქცია შარშანაც ჰქონდა, როცა გამოგონილი საშობაო გმირების საყვარელ კერძებს მომხმარებლებს თითქმის მთელი დეკემბრის განმავლობაში, ყოველდღე ჩუქნიდნენ. წელს McDonald's-მა განაცხადა, რომ ვარსკვლავებთან თავის პოპულარულ თანამშრომლობას ისევ აღადგენს.

„11-დღიანი აქცია უბრალო კვებაზე მეტია. ეს არის მთელი მენიუ, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მომღერალ ქალს შეეფერება,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცნობილი ადამიანების მენიუებზე გარიგებები ძალიან წარმატებული იყო McDonald's-ისთვის, რომელიც გასული წელიწადნახევრის განმავლობაში მომღერალ BTS-ისთან, Saweetie-სთან, ტრევის სკოტთან და ჯი-ბალვინთან თანამშრომლობდა.

McDonald's-მა ახლახან განაცხადა, რომ 30 სექტემბერს დასრულებულ სამთვიან პერიოდში გლობალურ რესტორნებში, რომლებიც გახსნილია, მინიმუმ, 13 თვის განმავლობაში, გაყიდვები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12,7%-ით გაიზარდა. ეს ნაწილობრივ ცნობილი ადამიანების მენიუს ხარჯზე მოხდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ