ანტალიამ იანვრიდან ოქტომბრამდე 8,5 მილიონი საერთაშორისო ტურისტი მიიღო

ანტალიაში წელს განხორციელებული მოსალოდნელზე მეტი ტურისტული ვიზიტები სასტუმროების მეპატრონეებს იმედს აძლევს, რომ თურქეთის მთავარი საკურორტო ქალაქი ადგილობრივი და საერთაშორისო მოგზაურებისთვის მომავალი წლის ტურისტულ სეზონზე უფრო მეტად მიმზიდველი იქნება. ინფორმაციას Hürriyet ავრცელებს.

ხმელთაშუა ზღვის საკურორტო ქალაქმა, ანტალიამ იანვრიდან ოქტომბრამდე 8,5 მილიონი საერთაშორისო ტურისტი მიიღო მაშინ, როცა გასულ წელს მხოლოდ 3,5 მილიონ უცხოელ დამსვენებელს უმანსპინძლა.

„მეტად იმედისმომცემი რიცხვებია. ველოდები, რომ წლის ბოლომდე ანტალიაში უცხოელი ტურისტების ვიზიტების რაოდენობა 9 მილიონს გადააჭარბებს. 2021 წლის ადრეული ჯავშნები უკვე დაწყებულია. მომავალი წელი ბევრად უკეთესი იქნება,“ - აცხადებს სასტუმროების პროფესიონალ მენეჯერთა ასოციაციის (POYD) ხელმძღვანელი, ულკაი ატმაჩი.

მისი თქმით, სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნის შესახებ, დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებამ წინა კვირების განმავლობაში ტურიზმზე პოზიტიური გავლენა იქონია.

„უცხოელი ტურისტები ოქტომბრის ბოლო დღეებშიც შემოდიოდნენ. ჩვენ მოველით, რომ ძლიერი ტურისტული აქტივობა ნოემბერსა და დეკემბერშიც გაგრძელდება და სავარაუდოდ, შარშანდელთან შედარებით, უკეთესი ზამთრის სეზონი გვექნება,“ - აცხადებს ულკაი ატმაჩი.

მისი თქმით, მომავალ წელს ტურიზმის ამ ცხელ წერტილში სასტუმროების მეპატრონეები მეტი ვიზიტორის მისაზიდად და მეტი შემოსავლის მისაღებად ძალისხმევას გააძლიერებენ.

„ჩვენ ანტალიის პოპულარიზაციისთვის მეტად ეფექტიანი სარეკლამო კამპანია ჩავატარეთ, რისი მთავარი მიზეზიც ის ზომებია, რომლებიც უსაფრთხო ტურიზმის უზრუნველსაყოფად მივიღეთ. ეს ძალისხმევა ტურისტულ სტატისტიკაშიც აისახება,“ - ამბობს ატმაჩი.

ხმელთაშუა ზღვის ტურისტული სასტუმროებისა და ინვესტორთა ასოციაციის (AKTOB) ხელმძღვანელის, ერკან იაღჯის თქმით, ანტალიაში ტურისტული აქტივობა ივლისიდან დაიწყო. მისი მონაცემებით, დიდი ბრიტანეთიდან თურქეთში ზამთრის ჯავშნები უკვე დაიწყო და ნათელი ხდება, რომ ახალი ტურისტული სეზონი 2022 წლის დეკემბერში კარგი იქნება.

„რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, ტურისტული აქტივობაც უფრო აღორძინდება იმ ქვეყნებში, რომლებიც გაცილებით მეტ ტურისტს აგზავნიან თურქეთში. 2022 წელი უფრო ნათელი იქნება,“ - აცხადებს ერკან იაღჯი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ