,,არ ვაპირებთ მომხმარებლების დაყოფას "პასპორტიანებად" და "უპასპორტოებად", "აცრილებლად" და "აუცრელებად, რაც უნდა დაგვიჯდეს ეს გადაწყვეტილება“

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას რიგ ობიექტებში. მათ შორისაა ფიტნეს დარბაზები. ბათუმში მდებარე ერთ-ერთი ფიტნეს კლუბი, ,,რეფორმერი ფიტნესი" სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ არ დაემორჩილებიან ახალ რეგულაციას.

,,ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,ვინაიდან ბევრი გვეკითხება როგორ მოვექცევით დეკემბრიდან ე.წ. "მწვანე პასპორტის" არ მქონე მომხმარებლებს, კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ მომხმარებლების დაყოფას "პასპორტიანებად" და "უპასპორტოებად", "აცრილებლად" და "აუცრელებად", მითუმეტეს მთავრობის მოთხოვნის შემდეგ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს გადაწყვეტილება.

ჩვენ ვრჩებით ჩვენი პრინციპების ერთგული და მიგვაჩნია, რომ მხოლოდ კერძო მესაკუთრის გადასაწყვეტია როგორ მომხმარებელს მოემსახუროს და მომხმარებლის გადასაწყვეტია ბიზნესთან ითანამშრომლოს თუ არა, ამ ურთიერთობაში მთავრობის ადგილი საერთოდ არ არი.

ასევე დაგახვედრებთ ჩვენთვის ჩვეულ სისუფთავეს და მეგობრულ ატმოსფეროს...ამჯერად შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, ამას ისე გავაკეთებთ, რომ არანაირი კანონი არ დაირღვევა.

გისურვებთ ჯანმრთელობას“ - ნათქვამია ფიტნეს კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ,,რეფორმერი ფიტნესი“ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განცხადა, რომ ბათუმში რეგულაციებიდან გამომდინარე მუშაობის უფლება შეზღუდულ ფიტნეს კლუბს საცხოვრებელ სახლად იქირავებდა. ამის შემდეგ კი შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა. ასევე, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის კლუბის წინააღმდეგ სს საქმე აღიძრა.

თამარ მუკბანიანი