ფრენებთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები იანვრის ბოლოს გაიმართება

ფრენებთან დაკავშირებით, რუსულ მხარესთან მორიგი მოლაპარაკებები იანვრის ბოლოს გაიმართება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

"იანვრის ბოლოს შედგება შემდეგი შეხვედრები უკვე სამინისტროების წარმომადგენლებს შორის და ჩვენ გვექნება საუბარი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დავიცვათ ის ბალანსი, რომელიც ერთის მხრივ, საშუალებას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებსაც უწევთ რეგულარულად ამ მიმართულებით მოძრაობა და ასევე ტურისტებს, რომ საქართველოში შემოვიდნენ და გავიდნენ, იმ კონკურენტუნარიან ფასად, რომელიც უნდა იყოს საავიაციო ბაზარზე. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კომპანიების ინტერესები დავიცვათ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კითხვაზე, ასრულებს თუ არა კომპანია "აეროფლოტი" აფხაზეთში რეისებს, გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში არ დაფრინავს. "რეგულარული რეისები არ სრულდება. პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რასაც ახლა ვამბობ. ჩვენ ამ ნაწილში ოკუპაციის კანონს არ ვარღვევთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.