წლევანდელ სეზონზე ქართველმა ფერმერებმა სულ 800 ტონა მშრალი ნაჭუჭიანი კაკალი მიიღეს, რომელთა უმეტესობა ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. ამის შესახებ საქართველოს ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის გამგეობის წევრმა, ლერი ტაბატაძემ განაცხადა, რასაც პორტალი EastFruit ავრცელებს.
მისი თქმით, ახალი ბაღების კაკლის მოსავალი აღებულია, თუმცა მისი ხარისხი ევროპული ბაზრის სტანდარტს ჯერ არ შეესაბამება. 1კგ. ახალი ბაღების ნაჭუჭიანი კაკალი 7-8 ლარად (2,21-2,53 დოლარად), ხოლო კაკლის გული 25-30 ლარად (7,9-9,5 დოლარად) იყიდება. ბაზარი ჯერ სავსე არ არის, თუმცა ლერი ტაბატაძე პროგნოზირებს, რომ ფასები უახლოეს მომავალშიც არ დაეცემა, რადგან წელს ქართული ნიგოზი იმპორტირებულს ჩაანაცვლებს.
რაც შეეხება კაკლისა და ნუშის გადამამუშავებელ სექტორს, ლერი ტაბატაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის საქართველოში კაკლის გადამამუშავებელი მხოლოდ სამი საწარმოა, მომავალ წელს კი კიდევ 5-ის გახსნა იგეგმება, რაც ამჟამინდელ ბაზარს დააკმაყოფილებს. რაც შეეხება ნუშს, ტაბატაძის თქმით, აქ უფრო რთული ვითარებაა, რადგან ქვეყანაში ნუშის გადამამუშავებელი ქარხანა ჯერ არ არსებობს. თუმცა მომავალ წელს მთავრობის მხარდაჭერით 2-3 ნუშის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნება, რაც საექსპორტო პროდუქტის შექმნას ხელს შეუწყობს.
„გადამუშავება ნუშის წარმოება-ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან საექსპორტო ბაზრებზე ძირითადად გარჩეულ ნუშს ითხოვენ,“ - აცხადებს ლერი ტაბატაძე.
ამასთან, ასოციაცია მიიჩნევს, რომ გარჩეული ნიგვზისა და ნუშის წარმოების დღგ-ისგან გათავისუფლება ამ სექტორს ჩრდილოვანი ბაზრიდან გამოსვლაში დაეხმარება, ასევე, „ეს გაზრდის კონკურენციას იმპორტირებულ კაკალთან“. ტაბატაძის თქმით, თხილზე ასეთი გადაწყვეტილება სახელმწიფოს ადრეც ჰქონდა მიღებული, რამაც დადებითი შედეგი მოიტანა, ამიტომ წარმოების დღგ-ისგან გათავისუფლების საკითხის აქტიურ ლობირებას ასოციაცია სამთავრობო უწყებებში გეგმავს.
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერების მიერ 2018 წელს შეიქმნა და ამჟამად 30-ზე მეტ წევრს აერთიანებს. 2020 წლის დეკემბრიდან ასოციაცია USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით სარგებლობს. ყოველწლიური შეხვედრის ფორმატის ფარგლებში, ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ 4 ნოემბერს კონფერენცია გამართა, რომელზეც 2018-2021 წლების საქმიანობის შედეგები შეაჯამა. შეხვედრას ფერმერების გარდა, მთავრობისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ