იაპონია ზამთარში კოვიდინფიცირების შემთხვევების შესაძლო მატებისთვის ემზადება და საავადმყოფოებში საწოლების დამატებას და სამედიცინო რესურსების გაზრდას გეგმავს.
„სამედიცინო სისტემის გაძლიერების პარალელურად, დეკემბრიდან ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების გამოყენებით დაიწყება მონაცემების გამოქვეყნება საავადმყოფო საწოლების რაოდენობისა და თითოეულ საავადმყოფოში არსებული პირობების შესახებ“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ.
ამასთან, იაპონია კომპანიების, Merck-ისა და Ridgeback Biotherapeutics-ის მიერ შექმნილი მედიკამენტის, „მოლნუპირავირის“ 1.6 მილიონი კურსისთვის საჭირო რაოდენობის შეძენას გეგმავს, რაშიც ქვეყანა 1.2 მილიარდ აშშ დოლარს გადაიხდის.
იაპონიაში პანდემიის მეხუთე ტალღამ ზაფხულში სამედიცინო სისტემის გადატვირთვა გამოიწვია, თუმცა ამჟამად ქვეყანაში ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრადაა შემცირებული, რასაც იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ მოსახლეობის 70%-ზე მეტი ვაქცინირებულია.