იაპონურმა კორპორაციამ Toshiba გამოაცხადა, რომ 2023 ფინანსური წლისთვის კომპანიის სამ ნაწილად გაყოფას გეგმავს. გაყოფის პროცესი 2023 წლის 1-ლ აპრილს დაიწყება. შესაბამისი განცხადება კომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელდა.
მასში აღნიშნულია, რომ ახალი კომპანიები შეუდგებიან საქმიანობას ინფრასტრუქტურის განვითარების, ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და ნახევარგამტარების მიმართულებებით.
გაზეთ Nikkei-ს ცნობით, გაყოფის შესახებ გეგმები დაკავშირებულია Toshiba-ს ხელმძღვანელობის სურვილთან, გაზარდონ მისი სააქციო ღირებულება და ფინანსური შემოსავლები სხვადასხვა ფორმის კომპანიების შექმნის გზით.
ბოლო წლებია კორპორაცია კრიზისულ პერიოდს გადის, რომელიც 2015 წელს დიდი სკანდალით დაიწყო, რაც უკავშირდებოდა ფინანსური მონაცემების გაყალბებას, კრიზისი გაგრძელდა 2017 წელს მისი ამერიკული განყოფილების გაკოტრების გამო. Toshiba ასევე შეარყია მის ხელმძღვანელობასა და აქციონერებს შორის არსებულმა კონფლიქტმა.