2021 წლის ტენდენციები - სწრაფი თვითმფრინავები, კოსმოსური ტურიზმი და საცალო ევოლუცია

დღეს ტექნოლოგია სწრაფი ტემპით მიიწევს წინ, რაც უფრო სწრაფ ცვლილებას და პროგრესს იწვევს. ტექნოლოგიური ერის რეალობად ქცევის პროცესი COVID-19-ის გამო გამოწვეულმა პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა. როგორც „ბიბისი“ წერს, მსოფლიომ გააცნობიერა, რომ IT ტექნოლოგიები, რობოტექნიკა და ციფრული სფერო კიდევ უფრო საჭირო, ასევე ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს ახალი ტენდენციების წამოწევას. კაცობრიობის აზროვნების შეცვლას და ახალი ჩვევების გამომუშავებას. საინტერესოა, როგორია 2021 წლის ტექნიკური ტენდენციები?

ე.წ. მომავლის პროფესიის მიხედვით, ყველაზე ტენდენციური და მოთხოვნადი სია ასე გამოიყურება:

1.ხელოვნური ინტელექტი (AI) და მანქანათმცოდნეობა

2. რობოტული პროცესის ავტომატიზაცია (RPA)

3. პერიფერიული გამოთვლები

4. კვანტური გამოთვლა

5. ვირტუალური რეალობა და გაძლიერებული რეალობა

6. ბლოკჩეინი

7. ნივთების ინტერნეტი (IoT)

8. 5გ ტექნოლოგიები

9. კომპიუტერული უსაფრთხოება

ამას გარდა, მსოფლიომ ახალი ტიპის ტრანსპორტზე, გაუმჯობესებულ მომსახურეობაზე დაიწყო მუშაობა. სხვადასხვა სფეროები დიდწილად ავტომატურ რეჟიმზე გადადის, რაც საბოლოო ჯამში გლობალურ ცვლილებებს იწვევს.

ელექტრო ინოვაცია

მსოფლიო რეკორდული სიჩქარის საჰაერო მანქანების აგებას ცდილობს. ინოვაციური საჰაერო ტრანსპორტი ასევე განავითარებს კოსმოსურ ტურიზმს, რაც გარდამტეხი იქნება კაცობრიობის ცნობიერებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნებმა უკვე შეიმუშავეს წყალბადზე მომუშავე ტრანსპორტზე გადასვლის კონცეფცია.

საცალო ევოლუცია

მაღაზიები სალარო აპარატების გარეშე შესაძლოა, უფრო გახშირდეს. ამას გარდა რევოლუციურად იცვლება საცალო ვაჭრობისა და მიწოდების სისტემა. გარემოებამ ყველას ნათლად დაანახა, რომ მიწოდების ჯაჭვი ავტომატიზირებული უნდა იყოს.

გავრცელებული ინფორმაციით, Amazon აფართოებს Go-ს მაღაზიათა ქსელს - მაღაზიებს, რომლებსაც არ აქვთ სალარო. მყიდველებისთვის ეს დააჩქარებს საყიდლების პროცესს, რადგან მათ შეუძლიათ აიღონ სასურველი ნივთები და უბრალოდ დატოვონ მაღაზია.

სახლიდან მუშაობა

პანდემიის შემდეგ ციფრული თეთრი დაფები, როგორიცაა Mural, პოპულარული გახდა, რადგან უფრო მეტი ადამიანი მუშაობს სახლიდან.

როგორც რეალობამ აჩვენა, სახლიდან მუშაობა, ან თანამშრომლების ჰიბრიდულ რეჟიმზე გადაყვანა ბევრ კომპანიას მოუწევს, რამაც შესაძლოა, სტაბილური სახეც მიიღოს.

ავტონომიური მანქანები

არიზონას შტატში, ფენიქსის ქუჩებში 300-ზე მეტი მანქანა დამოუკიდებლად უკვე მოძრაობს, მას აჰყავს და ჩამოჰყავს მგზავრები ისე, რომ საჭესთან მძღოლი არ ზის.

Alphabet-ის მხარდაჭერით, Google-ის დედა კომპანია, Waymo არის ლიდერი ავტონომიური მანქანების წარმოებაში აშშ-ში და 2021 წელს სერვისების გაფართოებას გეგმავს.

თეონა რამაზაშვილი