ევროკავშირი მომავალ კვირას წარმოადგენს სტრატეგიას, რომელიც ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 40 მლრდ ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg შესაბამის დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.
ბრიუსელი აპირებს, წინ აღუდგეს ჩინეთის ეკონომიკურ ინიციატივას - „ერთი სარტყელი-ერთი გზა“. სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის ახალი სტრატეგია, სახელწოდებით „გლობალური კარიბჭე“ (Global Gateway), ინვესტიციებს ისეთ პროექტებში ითვალისწინებს, როგორიც არის ვაჭრობა, ტრანსპორტი, ციფრული ტექნოლოგიები და ენერგეტიკა.
დოკუმენტის პროექტში ნათქვამია, რომ ეს გეგმა „მთელი მსოფლიოს მასშტაბით ევროკავშირის ინვესტიციებისთვის ქოლგისებრ ბრენდს უზრუნველყოფს.“ ბრიუსელი ცდილობს, გაამყაროს ურთიერთობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ამავდროულად, სხვადასხვა რეგიონის პარტნიორ სახელმწიფოებთან ითანამშრომლოს. თანხის გამოყოფა, ფინანსური ვალდებულებების მექანიზმის სახით, ევროპის მდგრადი განვითარების ფონდიდან მოხდება. ამასთან, დოკუმენტის პროექტში წერია, რომ ევროკავშირის ინვესტიციების მოცულობა იმ რეგიონებსა და ქვეყნებში გაიზრდება, რომლებიც დახმარებას „გლობალური ევროპის“ პროგრამით იღებენ. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 79,5 მლრდ ევროს შეადგენს.
ინიციატივა, „ერთი სარტყელი-ერთი გზა,“ რომელიც ჩინეთმა 2013 წელს წარადგინა, სხვადასხვა გლობალურ პროექტებში ჩინური კაპიტალის ჩართულობას ითვალსიწნებს. მას უკვე მსოფლიოს 150 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია შეუერთდა.