EastFruit  - საქართველოში შესაძლოა, კარტოფილის დეფიციტი შეიქმნას

ოქტომბერში საქართველოდან 9,7 ათასი ტონა ახალი კარტოფილი გავიდა, რაც ბოლო 7 წლის ანალოგიური თვის მთლიან ექსპორტს 90%-ით აღემატება. რუსეთი რჩება საკვანძო მიმართულებად, რომელსაც ქართული კარტოფილის ექსპორტის მოცულობაში 81%-იანი წილი უკავია. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს სავაჭრო მონაცემებში წერია, რასაც პორტალი EastFruit ავრცელებს,

რუსეთის ბაზარზე FOB პირობებით საექსპორტო ფასმა ტონაზე 420 დოლარი შეადგინა, რაც ოქტომბერში საქართველოდან კარტოფილის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ფასია. ოქტომბერში გაზრდილი ექსპორტი ნოემბრის პირველ კვირაშიც გაგრძელდა. უჩვეულოდ მაღალი ექსპორტი იყო სექტემბერშიც. ამდენად, პორტალ EastFruit-ის შეფასებით, საქართველოს ბაზარზე შესაძლოა, კარტოფილის დეფიციტი გაჩნდეს.

მიმდინარე წლის სექტემბერსა და ოქტომბერში, რუსეთის ბაზარზე უპრეცედენტო მოთხოვნის გამო, ქართული ახალი კარტოფილის ექსპორტმა 16 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2014-2020 წლების ანალოგიური თვეების მთლიან ექსპორტზე 3-ჯერ მეტია.

ასეთი ექსპორტის პირობებში ქართულ ბაზარზე კარტოფილის ფასი მაღალი რჩება. ნოემბრის დასაწყისში ადგილობრივი ფერმერების საშუალო ფასმა 1 კგ. კარტოფილზე 1,10 ლარი (0,35 დოლარი) შეადგინა. ეს 2020 წლის ანალოგიური პერიოდის ფასთან შედარებით, 133%-ით, 2019 წლის ნოემბრის დასაწყისზე 46%-ით, ხოლო 2018 წლის ამავე პერიოდის ფასთან შედარებით, 84%-ით მეტია.

EastFruit-ის პროგნოზით, იმის გამო, რომ რუსული სატვირთო მანქანები საქართველოს კარტოფილის მინდვრებზე ნოემბერშიც რჩებიან, ექსპორტის მოცულობა ისევ დიდი იქნება. წინა წლებთან შედარებით, ადგილობრივ ბაზარზე კარტოფილის ფასი ნოემბერშიც მაღალი დარჩება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ