ჯანმო - ავღანეთში, არასაკმარისი კვების გამო, შესაძლოა, 1 მილიონი ბავშვი დაიღუპოს

ავღანეთში, არასაკმარისი კვების გამო, მიმდინარე წლის ბოლომდე, შესაძლოა, 3.2 მილიონი ბავშვი დაზარალდეს, აქედან 1 მილიონის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა.

„ეს რთული ბრძოლაა, რადგან ქვეყანას შიმშილი ეუფლება. მსოფლიომ ავღანეთს ზურგი არ უნდა შეაქციოს“, - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ქვეყანაში მდგომარეობას ართულებს წითელათი ინფიცირების გახშირებული შემთხვევებიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის წითელას 24 000 კლინიკური შემთხვევაა დაფიქსირებული.

„ბავშვებისთვის, რომლებიც არასრულფასოვნად იკვებებიან, წითელა არის სასიკვდილო განაჩენი. ჩვენ გარდაცვალების კიდევ ბევრი შემთხვევის მომსწრე გავხდებით, თუ სწრაფად არ ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა ჰარისმა.

ავღანეთის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში ამოჩნდა მას შემდეგ, რაც „თალიბებმა“ ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს და დასავლეთმა ქვეყანას ფინანსური დახმარება შეუწყვიტა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ჯანდაცვის სექტორი, ბევრმა ექიმმა, იმის გამო, რომ ხელფასს არ უხდიდნენ, საქმიანობა მიატოვა.