Apple ჩანთების შემოწმების გამო, თანამშრომლებს 30 მილიონს გადაუხდის

ამერიკული კომპანია Apple დათანხმდა 30 მილიონი დოლარის გადახდას კოლექტიური სარჩელის გამო, რომელიც მის წინააღმდეგ 2013 წელს კომპანიის კალიფორნიაში მოქმედი მაღაზიების თანამშრომლებმა შეიტანეს. როგორც Bloomberg-ი წერს, მომჩივანების ადვოკატებმა მიმართეს ფედერალურ სასამართლოს, გააფორმოს მორიგების შეთანხმება.

სააგენტოს ცნობით, სარჩელის ავტორია 14 683 თანამშრომელი კალიფორნიის 52 მაღაზიიდან, რომლებიც ირწმუნებიან, რომ კომპანია არღვევდა შტატის კანონმდებლობას, არ უნაზღაურებდა მათ იმ თანხას, რა დროც ეხარჯებოდათ ჩანთების შემოწმებაში, რომელიც უსაფრთხოების მიზნით ტარდებოდა. Apple კი, თავის მხრივ ირწმუნებოდა, რომ ჩანთების შემოწმება სავალდებულო იყო, იმისათვის რომ დარწმუნებულიყვნენ რომ თანამშრომლები იქ მაღაზიიდან მოპარულ ტექნიკას არ მალავდნენ.

2015 წელს სასამართლომ Apple-ის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, თუმცა, საქმე სააპელაციოში გაგრძელდა, რომელმაც განაჩენი მომჩივანების სასარგებლოდ მიიღო.

საბოლოო შეთანხმების შედეგად კი, თითოეული თანამშრომელი კომპანიისგან მიიღებს 1 286 დოლარს.

კოკა კვირკველია