ევროპელების საკვები პროდუქტების მენიუში მალე გადამფრენი კალიები გამოჩნდებიან

ევროკომისიამ ევროკავშირის ბაზარზე საკვებ ინგრედიენტად გადამფრენი კალიების გამოყენების უფლება დაუშვა. ინფორმაციას კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს კომისიამ მწერების მეორე სახეობა, Locusta migratoria (გადამფრენი კალია) ბაზარზე ახალ საკვებ პროდუქტად დაუშვა. ის გაყინული, გამხმარი და ფხვნილის სახით იქნება ხელმისაწვდომი და საკვებად ან სხვადასხვა პროდუქტის საკვებ ინგრედიენტად გაიყიდება,“ - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

მანამდე ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტომ (EFSA) დაასკვნა, რომ ერთ-ერთი განმცხადებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი გადამფრენი კალიები გამოსაყენებლად უსაფრთხოა. ეს საკვები პროდუქტი, პოტენციურ ალერგიულ რეაქციებზე ინფორმირების მიზნით, მარკირებული იქნება.

ევროკომისიამ საკვებში მწერების გამოყენება გასული წლის ივლისში დაამტკიცა, როცა ახალი საკვები პროდუქტების სიაში გამხმარი ყვითელი ჭიები შეყვანა.

ევროკომისიას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სხვადასხვა კვლევის დასკვნა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, მწერები მაღალი ცხიმების, პროტეინების, ვიტამინების, ბოჭკოებისა და მინერალების შემცველ ჯანსაღ საკვებ პროდუქტს წარმოადგენენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ