Google-მა ინოვაციური სათვალის Google Glass-ის წარმოება შეაჩერა

ინტერნეტ საძიებო გიგანტმა Google-მა ინოვაციური სათვალის Google Glass-ის წარმოება შეაჩერა.

Google-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი სათვალის ფასი, ასევე მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის საკითხი გახდა. ამავდროულად, კომპანიაში აღნიშნავენ იმასაც, რომ Google Glass-ის პროექტი დროებით შეჩერდა, თუმცა თავს იკავებენ იმის დაკონკრეტებისგან, როდის განახლდება ინოვაციური სათვალის წარმოება.

”ბიბისის” ცნობით, მსგავსი პროექტები სხვა რამდენიმე კომპანიასაც აქვს, თუმცა ამ დრომდე ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო მომხმარებლის მიზიდვა. Google Glass-ის ბეტა ვერსია აშშ-ის მაღაზიებში გასული წლის მაისში გამოჩნდა, მისი შეძენა მომხმარებელს 1 500 დოლარის სანაცვლოდ შეეძლო.

Google Glass-ის პრეზენტაცია 2012 წელს შედგა. Google-ის ინოვაციური სათვალე მინიკამერით არის აღჭურვილი და კომპიუტერის ეკრანს წარმოადგენს. მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია ფოტოებისა და ვიდეოს გადაღების მიზნით, ასევე გადაღებული მასალის ელექტრონული ფოსტის ან სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებისთვის. მოწყობილობის მართვისას ხმოვანი ბრძანება გამოიყენება. სათვალის ეკრანზე ასახული ინფორმაცია პირდაპირ თვალში ხვდება. როგორც თავის დროზე, Google Glass-ის შემქმნელებმა აღნიშნეს, ეს არის ახალი ტექნოლოგია, რომლის დანერგვითაც მომხმარებელს მიეცემა საშუალება, მცირედი ცხოვრებისეული სიხარული სოციალური ქსელების დახმარებით უფრო ადვილად გაუზიაროს მეგობრებს, განახორციელოს ზარები, ან თუნდაც იმესიჯოს და ეს ყველაფერი ხელის გაუნძრევლად.