SPAR-სლოვენიამ, სურსათის ნარჩენების შემცირების ვალდებულების ფარგლებში, თავის საცხობში ნარჩენი პურებისგან დამზადებული ინოვაციური ფქვილით ე.წ. მდგრადი პური გამოაცხო. ამჟამად ახალი სახეობის პური სლოვენიაში SPAR-ის ყველა მაღაზიაში არის ხელმისაწვდომი. ინფორმაცია სუპერმარკეტების ქსელის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.
მდგრადი პური კამპანია „პურისგან მზადდება ფქვილის“ შედეგია, რომელიც SPAR-სლოვენიის სურსათის ნარჩენების შემცირების სტრატეგიას უსვამს ხაზს. აღნიშნული კამპანია უფრო დიდი პროექტის ნაწილია, რომლის სახელწოდებაც არის „საჭმელი არ არის განკუთვნილი ნაგვისთვის.“
ამ პროექტის ფარგლებში SPAR-სლოვენია და ცნობილი სლოვენიელი შეფ-მზარეული, მარკო პავჩნიკი საკვები ნარჩენების შემცირებაზე ცნობიერებას ზრდიან. კამპანია ორ წელზე მეტია, გრძელდება და ორივე მხარე სლოვენიელ მომხმარებლებს აცნობებს, თუ როგორ გადაყარონ რაც შეიძლება ნაკლები საკვები და დარჩენილი საკვები მაქსიმალურად შემოქმედებითი და ეკოლოგიური გზით გამოიყენონ.
SPAR-სლოვენიამ ქალაქებში, ჩრნომლიასა და ცელიეში 100 ახალი პური 100 გაჭირვებულ ოჯახს გადასცა.
„შარშან პროექტის, „საჭმელი არ არის განკუთვნილი ნაგვისთვის,“ ფარგლებში, შეფ-მზარეულ მარკო პავჩნიკთან თანამშრომლობით, 68 კგ საკვები პროდუქტისგან 257 კერძი დავამზადეთ, რაც ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ჯგუფებს დავურიგეთ. წელს ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით: SPAR-ის საცხობებში ჩვენ ვამზადებთ პურს ნარჩენი პურებისგან მიღებული ფქვილით. შედეგით მეტად აღფრთოვანებული ვართ, რადგან ახალი პურის გემო შესანიშნავია,“ - ამბობს SPAR-სლოვენიის საცხობების ხელმძღვანელი, ბოშტიან კოსი.
ამასთან, SPAR-სლოვენია აფართოებს იმ მაღაზიების რაოდენობას, რომლებიც საკვებ პროდუქტებს ჰუმანიტარულ ასოციაციებს სწირავენ. 2014 წლიდან კომპანია თანამშრომლობს ისეთ ჰუმანიტარულ ასოციაციებთან, როგორიცა არის Lions Clubs, Food for Life და მოხალისეების ხელშეწყობის ასოციაცია Association and the Slovenian Philanthropy. მიმდინარე წელს ამ საქველმოქმედო ორგანიზაციებს არაკომერციული ორგანიაცია Društvo KROG-9 შეუერთდა. 2019 წელს SPAR-სლოვენიამ ქველმოქმედებაში მილიონ ევროზე მეტი, 2020 წელს კი 800 000 ევროზე მეტი ღირებულების საკვები პროდუქტი გასცა.
ზედიზედ მეექვსე წელია, სლოვენიის კვების ინსტიტუტი SPAR-სლოვენიის საცხობს, ყველაზე ინოვაციური საკვები პროდუქტის შექმნის გამო, ეროვნული პრიზით აჯილდოვებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ