"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდში არსებული ვაკანსიების შესავსებად, პარლამენტის თავმჯდომარე კონკურსის გამოცხადებას გეგმავს

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგში, შესაძლოა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს ორი ვაკანტური ადგილის შევსების საკითხი დადგეს.

პარლამენტის თავმჯდომარე შესაბამისი კონკურსის გამოცხადებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირას, დავით უსუფაშვილმა ბიუროს წევრებთან გამართულ შეხვედრაზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდის საკითხეზეც გაამახვილა ყურადღება და კოლეგებთან შეხვედრის დროს, კონკურსის გამოცხადების მიზანშეწონილობას შეეხო.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ როცა მედიასთან საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მისაღებ საინტერესო საკადრო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, ბორდის საკითხიც იგულისხმა. უსუფაშვილის თქმით, პარლამენტი შეძლებს, ბორდს ორი კვალიფიციური პირი შესძინოს.

კანონით, ცხრა წევრისგან შემდგარი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭო დღეის მდგომარეობით, შვიდი წევრის შემადგენლობით ფუნქციონირებს – მას უმრავლესობის და უმცირესობის კვოტით ასარჩევი თითო-თითო წარმომადგენელი აკლია. გასულ წელს, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, პარლამენტმა აღნიშნულ ვაკანსიებზე დასახელებულ პირებთან დაკავშირებით შეჯერება ვერ შესძლო, რის გამოც კანდიდატურები "ჩავარდა".