ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საპასპორტო სამსახურმა მუშაობა დროებით შეწყვიტა, ვინაიდან ბიომეტრიული დოკუმენტის დასამზადებლად საჭირო მოწყობილობა, მაღალი დატვირთვის გამო, მწყობრიდან გამოვიდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საპასპორტო განყოფილების დირექტორის, ალამ გულ ჰაკანის განცხადებით, პასპორტის ასაღებად შენობის გარეთ დღეში 15 000-20 000 ადამიანი იყრის თავს, რაც დაახლოებით 6-ჯერ მეტია იმ რაოდენობაზე, რა რაოდენობის მოქალაქეებისთვისაც დეპარტამენტს მომსახურების გაწევა შეუძლია.
ბევრი მათგანი იძულებული ხდება ღამეები საპასპორტო სამსახურთან გაათენოს, ან განაცხადის შესატანად რამდენიმე დღის განმავლობაში იაროს. ხალხმრავლობას ემატება ისიც, რომ ბიომეტრიული პასპორტის დასამზადებელი მოწყობილობა რეგულარულად გამოდის მწყობრიდან, რაც, თავის მხრივ, მომსახურების შეფერხებას იწვევს.
”იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ არეულობა, გადავწყვიტეთ რამდენიმე დღით შევაჩეროთ საპასპორტო დეპარტამენტის საქმიანობა”, - განაცხადა ალამ გულ ჰაკანმა.
„თალიბანის“ ახალი მთავრობის პირობებში ავღანეთის მომავლის შესახებ არსებული შიშის და შექმნილი ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისის გამო ავღანეთს მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ, ქვეყნის საზღვარს ყოველდღიურად ათასობით ადამიანი კვეთს.