ილონ მასკმა Tesla-ს კიდევ 930 მილიონი დოლარის აქცია გაყიდა

კომპანია Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა საკუთარ კომპანიაში მისი კუთვნილი აქციების მორიგი პარტია გაყიდა. ამჯერად მასკმა 930 მლნ დოლარის ღირებულების აქცია გაყიდა. ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიის ინფორმაციით, მასკმა 934 ათასი ცალი აქცია გაყიდა.

გასულ კვირას კი ილონ მასკმა 6,9 მლრდ დოლარის აქცია გაყიდა.

შედეგად, 8 ნოემბრიდან მოყოლებული მან უკვე გაყიდა 7,23 მლნ ფასიანი ქაღალდი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 7,83 მლრდ დოლარი შეადგინა. გასულ კვირამდე ილონ მასკს Tesla-ს აქციების 17% ეკუთვნოდა და მისი წილი 200 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, 10%-იანი წილის ჯამურმა ღირებულებამ კი 21 მლრდ დოლარი შეადგინა.

Market Watch-ის ინფორმაციით, იმისათვის, რომ მასკმა მისი კუთვნილი აქციების 10% გაყიდოს და სოციალურ ქსელ ტვიტერში გაცემული პირობა შეასრულოს, მას მოუწევს დამატებით 9,77 მლნ აქციის გაყიდვა.

ამ პროცესის ფონზე კი 8 ნოემბრიდან მოყოლებული Tesla-ს აქციების ფასი 17%-ით გაუფასურდა. ორშაბათს მათი ღირებულება დამატებით 1,94%-ით დაეცა. კომპანიის კაპიტალიზაცია ამ მომენტისთვის 1,04 ტრლნ დოლარია.

კოკა კვირკველია