ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა, რაც იმედისმომცემია. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საწოლფონდი ისევ მაქსიმალურ დონეზეა მობილიზებული.
„8871 საწოლია მობილიზებული. კლინიკაში იმყოფება 6718 პაციენტი, აქედან 1766 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, 371 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. 8 ნოემბრიდან ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა 60 წლის ზემოთ პირთა ფინანსური წახალისების სქემა, ამან სტიმული მისცა ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებას.
აცრილთა შორის სტრუქტურულად 28%-დან 44%-მდე გაიზარდა 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში პირთა რიცხვი. ვაქცინაციის გუშინდელი მაჩვენებელი 8 ათასს აჭარბებს, რაც იმედისმომცემია და ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტი მატება არის მოსალოდნელი. ასე მიმდინარეობს „ბუსტერ“ დოზების ადმინისტრირება ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში. „ბუსტერ“ დოზების განსაკუთრებით მაღალი გამოყენება არის 18-დან 49 წლის ასაკობრივ ჯგუფებში. რაც შეეხება 12-დან 15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაციას, 643 დოზის ადმინისტრირება მოხდა. 16-დან 18 წლამდე აცრილია 11 ათასზე მეტი მოზარდი.
ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება, ასევე ვმუშაობთ ახალი მედიკამენტების დანერგვაზე. მონოკლონური ანტისხეულები შემოვიდა ქვეყანაში გერმანიის მთავრობის დონაციით. ეს მედიკამენტები უკვე კლინიკებში განაწილდა. მათ აქვთ შესაძლებლობა, პაციენტს შესაბამისი ჩვენებით შესთავაზონ ეს მედიკამენტი, რომელსაც აქვს მაღალი ეფექტურობა“, - განაცხადა გაბუნიამ.