ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს მთავრობა შემოსავლების ზრდას ვარაუდობს. უფრო კონკრეტულად, პროექტის მიხედვით, მომავალ წელს შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა განსაზღვრულია 14,228 მლრდ ლარით, ეს კი ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით 297.8 მლნ ლარით მეტია.
უნდა აღინიშნოს, რომ მატება ძირითადად ხორციელდება საგადასახადო შემოსავლების ზრდის ხარჯზე, კერძოდ, საგადასახადო შემოსავლები პროგნოზი 219,8 მლნ ლარით იზრდება. აღნიშნული ზრდა ძირითადად დაკავშირებულია მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის 201.2 მლნ ლარით მატებასთან.
შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის წარმოდგენილი ვარიანტის მიხედვით, მომავალ წელს ხელისუფლება უშუალოდ საგადასახადო შემოსავლების სახით 13,291 მლრდ ლარს ელოდება.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების პროგნოზი მნიშვნელოვნად აღემატება ბიუჯეტის 2021 წლის შემოსავლების გეგმას, გამომდინარე იქიდან, რომ წელს მთავრობა გადასახადებიდან 11,062 მლრდ ლარის შემოსავლის მიღებას გეგმავს, მაშინ როცა მომავალ წელს ეს მაჩვენებელი 13,291 მლრდ ლარი უნდა იყოს.