ევროკავშირი 7 ინოვაციურ მწვანე პროექტში 1,1 მლრდ ევროს ჩადებს

ევროკავშირმა დაამტკიცა 1,1 მლრდ ევროს ინვესტიციის ჩადება 7 ინოვაციურ მწვანე პროექტში. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ტიმ მაკფიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ევროკომისიამ დაამტკიცა 1,1 მლრდ ევროს დაფინანსების პროგრამა ენერგო სექტორის 7 ინოვაციურ პროექტში, ასევე წყალბადის ტექნოლოგიების, ნახშირორჟანგის გამოფრქვევის მართვის და ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების მიმართულებით“, - განაცხადა მან.

ეს პროექტები განხორციელდება ბელგიაში, იტალიაში, ფინეთში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, შვედეთსა და ესპანეთში.

მანვე აღნიშნა, რომ პროექტები შეირჩა იმის მიხედვით, თუ რამდენად შეუძლია შეამციროს სასათბურე გაზების გაფრქვევა არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მათი მაღალი ინოვაციური პოტენციალისა და სწრაფი პრაქტიკული რეალიზების მიხედვით. მათ გამოიყენებენ ქიმიურ, რკინის ჩამოსხმისა და ცემენტის წარმოებაში, ასევე ნავთობგადამუშავებაში და ენერგეტიკის სფეროში.

კოკა კვირკველია