საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ ობიექტებზე, კერძოდ, თბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობების, ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციის, ავლაბრის ცერემონიების სასახლის, მთავრობის ადმინისტრაციის, საპატრიარქოს, ასევე იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების დაცვისთვის, 2020 წელს და 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, ჯამში, 10 837 873 ლარის ხარჯია გაწეული.
მათ შორის, 2020 წელს აღნიშნულზე 5 781 719,31 ლარი, ხოლო 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში 5 056 153,64 ლარი დაიხარჯა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ სდსს-დან აცნობეს, 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ყველაზე მეტი, 932 818,49 ლარის ხარჯი გაწეულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დასაცავად, ხოლო 913 735,02 ლარი - საქართველოს პარლამენტის თბილისში მდებარე შენობის დაცვისთვის.
რაც შეეხება ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას, 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში გაწეულია 437 142,19 ლარის ხარჯი, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაზე - 520 591,8 ლარი, ავლაბრის ცერემონიების სასახლეზე (ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია) – 358 208,31 ლარი, საქართველოს საპატრიარქოზე - 531 244,3 ლარი, იუსტიციის სამინისტროზე - 765 461,33 ლარი, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროზე - 596 952,2 ლარი.
რაც შეეხება ამავე უწყებების ხარჯებს 2020 წლის განმავლობაში, მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სდსს-ს მიერ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დასაცავად გაწეულია 1 112 353,36 ლარის ხარჯი, საქართველოს პარლამენტის თბილისში მდებარე შენობის დაცვისთვის - 1 003 663,01 ლარი, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის დაცვისთვის - 512 747,74 ლარი, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაზე -626 334,6 ლარი, ავლაბრის ცერემონიების სასახლეზე (ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია) – 439 258,15 ლარი, საქართველოს საპატრიარქოზე - 633 612,1 ლარი, იუსტიციის სამინისტროზე - 792 189,05 ლარი, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროზე - 661 561,3 ლარი.
ამასთან, სდსს-ს ინფორმაციით, 2020 წელს და 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლის მოვლა-პატრონობისთვის 1 803 393 ლარია დახარჯული. აქედან, 2020 წელს მხოლოდ კომუნალური გადასახადებისთვის დახარჯულია 544 465 ლარი.
რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, ჯამში დახარჯულია 194 000 ლარი, აქედან თანამდებობრივი სარგოსთვის - 138 000 ლარი, ხოლო დანამატისთვის 21 500 ლარი. მიმდინარე რემონტისთვის კი, ჯამში, 12 397 ლარია დახარჯული.
ამავე შენობისთვის 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, მხოლოდ კომუნალური გადასახადებისთვის დახარჯულია 844 762 ლარი. შრომის ანაზღაურებისთვის, ჯამში, 162 000 ლარი, აქედან თანამდებობრივი სარგოსთვის 115 000 ლარი, ხოლო დანამატისთვის 18 00 ლარი.
რაც შეეხება ათონელზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციას, „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2020 წელს და 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, ჯამში, 937 469 ლარი. ამავე პერიოდში, მხოლოდ კომუნალური გადასახადებისთვის, ჯამში დახარჯულია 460 727 ლარი, შრომის ანაზღაურებისთვის - 361 600 ლარი, აქედან 37 400 ლარი დანამატის სახით არის გაცემული, ხოლო 184 800 ლარი თანამდებობრივი სარგოა.
გარდა ამისა, რეზიდენციის რემონტისთვის 2020 წელს 37 221 ლარი, ხოლო 2021 წლის იანვარ - ოქტომბერში - 64 320 ლარი დაიხარჯა.