31 დეკემბერს, ტრადიციული საახალწლო ბროლის ბურთის დაშვების დროს, ნიუ-იორკის ტაიმს სკვერი კვლავ გაივსება. ამის შესახებ ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ განაცხადა, რომელსაც Reuters ავრცელებს. თუმცა მერი ამბობს, რომ საზეიმო შეკრებაზე მხოლოდ სრულად ვაქცინირებული პირები დაიშვებიან.
”ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, შეგვიძლია, ისევ ერთად შევიკრიბოთ. ეს საოცარი და მეტად სასიხარულო იქნება ამ ქალაქისთვის,“ - აცხადებს დე ბლაზიო.
მისი თქმით, ვიზიტორებს ვაქცინაციისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოეთხოვებათ. ტაიმს სკვერის სადღესასწაულო ღონისძიებაზე დასწრების მსურველ პირებს საბუთებს უსაფრთხოების საგუშაგოებზე შეუმოწმებენ.
„ჩვენ დამადასტურებელ საბუთებს ხუთი და უფროსი ასაკის მაყურებლებისთვის მოვითხოვთ, ვისაც სრულად ვაქცინაციის უფლება აქვთ. თუ პირი ინვალიდობის გამო ვაქცინას ვერ იკეთებს, მას ბოლო 72-საათიანი უარყოფითი PCR ტესტის დამადასტურებელი საბუთი დასჭირდება. ამასთან, ვინც ვაქცინას ვერ იკეთებს, ყველას ნიღბის ტარება მოეთხოვება,“ - აცხადებს Times Square Alliance-ის პრეზიდენტი, ტომ ჰარისი.
ამ თვის დასაწყისში, აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-ითა და BioNTech-ით აცრა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც დაუშვა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ