ავღანეთში ოპიუმის წარმოება 8%-ით გაიზარდა - გაერო

მიმდინარე წელს ავღანეთში ოპიუმის წარმოების მოცულობა 8%-ით გაიზარდა და 6,8 ათას ტონას მიაღწია. ამის შესახებ ნარკომანიასა და დანაშაულთან ბრძოლის გაეროს ოფისის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში არის ნათქვამი. ოფისი გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს, რომ ასეთი ზრდის შედეგად მსოფლიოში 320 ტონა სუფთა ჰეროინი გავრცელდება.

„ეს ქვეყანა ოპიატებით მსოფლიო მომხმარებლების 80%-ს ამარაგებს, ხოლო გასულ წელს მთლიანი ოპიუმის 85% ავღანეთში იწარმოებოდა,“ - ნათქვამია ანგარიშში.

ნარკომანიასა და დანაშაულთან ბრძოლის გაეროს ოფისის ხელმძღვანელი, გადა ვალი აცხადებს, რომ ავღანეთში არსებული ვითარება საერთაშორისო საზოგადოების სასწრაფო ჩარევას მოითხოვს.

„ავღანელი ხალხის მხარდაჭერის ფარგლებში, აუცილებელია, ნარკოტიკების უკანონო კულტივაციისა და წარმოების, ასევე, ამ პროდუქტზე მსოფლიო მოთხოვნის მდგრად შემცირებას მივაღწიოთ,“ - აცხადებს გადა ვალი.

მისი ხელმძღვანელობით შედგენილ ანგარიშში წერია, რომ მიმდინარე წელს ოპიატების წარმოებიდან მიღებულმა მოგებამ 1,8-დან 2,7 მლრდ დოლარამდე შეადგინა, ხოლო ქვეყნის გარეთ მათმა გაყიდვამ გაცილებით მეტი შემოსავალი მოიტანა.

„ავღანეთში პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ოპიუმის ფასების ზრდა განაპირობა, რომელიც მაისის მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის, გაორმაგდა. ფასების ზრდამ შესაძლოა, ფერმერები წარმოების კიდევ უფრო გასაზრდელად წაახალისოს," - აცხადებს გადა ვალი.

ნარკომანიასა და დანაშაულთან ბრძოლის გაეროს ოფისის ახალი კვლევა ივლისში დასრულდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ