აშშ პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩინეთს ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობით გაასწრებს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მის მიერ ხელმოწერილი 1 ტრილიონი დოლარის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმის შედეგად აშშ პირველად ბოლო 20 წელიწადში გაასწრებს ჩინეთს ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობით. ამის შესახებ მან დეტროიტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ დღემდე ჩინეთი ლიდერია ამ რბოლაში. თუმცა ეს მალე შეიცვლება. ახალი კანონპროექტის შედეგად მომავალ წელს პირველად ბოლო 20 წელიწადში ამერიკული ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში იქნება ბევრად მეტი, ვიდრე ჩინური. ეს კანონი ითვალისწინებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს გზებსა და ხიდებში ბოლო 70 წლის განმავლობაში“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ბაიდენმა 16 ნოემბერს ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს 1 ტრილიონ დოლარზე მეტის ინვესტირებას ქვეყნის ინფრასტრუქტურულ პროექტებში. გეგმა ითვალისწინებს 110 მლრდ დოლარის დახარჯვას გზებისა და ხიდების აღდგენაზე და 11 მლრდ დოლარის სატრანსპორტიო უსაფრთხოების პროგრამის შექმნაზე. დამატებით 39 მლრდ დაიხარჯება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზებაზე, 42 მლრდ პორტების ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაზე და საჰაერო ნავიგაციაზე. 55 მლრდ წავა სასმელი წყლის სისტემაზე, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფაზე დაიხარჯება 65 მლრდ, დამატებით 73 მლრდ კი ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის ტრანსპორტირებაზე.

კოკა კვირკველია