შრომის მთავარმა ინსპექტორმა და ბიზნესომბუდსმენმა სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია განიხილეს

შრომის ინსპექციის სამსახური და ბიზნესომბუდსმენის აპარატი „მწვანე პასპორტის“ სქემაში ჩართულ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათვე ინფორმაციით, სპორტული კომპლექსებისა და ფიტნეს ცენტრების წარმომადგენლებთან, ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაზე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო კვეტენაძემ და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ მწვანე ზონებთან დაკავშირებით მიღებული წესები განიხილეს და კერძო სექტორს „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს.

„ვაგრძელებთ შეხვედრებს ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფციაში ჩართულ ბიზნეს სექტორებთან. დღეს შევხვდით სპორტული კომპლექსებისა და ფიტნეს ცენტრების წარმომადგენლებს. გავაცანით კოვიდ პასპორტებთან მიმართებით მათი ვალდებულებები. როგორც მოგეხსენებათ, 1-ელი დეკემბრიდან განსაზღვრულ სექტორებში მხოლოდ „მწვანე პასპორტით“ იქნება შესვლა ნებადართული. ვიმსჯელეთ იმ მექანიზმებზე, რომლითაც 1-ელი დეკემბრიდან შრომის ინსპექცია, სხვადასხვა მაკონტროლებელ უწყებებთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული რეგულაციების აღსრულებაზე მონიტორინგს განახორციელებს“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, საინფორმაციო სახის შეხვედრები „მწვანე პასპორტის“ სქემაში ჩართულ სხვა ბიზნეს სექტორთანაც არის დაგეგმილი.