დასაქმების და სოციალური მომსახურების სააგენტოები ერთობლივ საინფორმაციო კამპანიას იწყებენ

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზანია, შრომისუნარიანი მოწყვლად/მიზნობრივ ჯგუფს მიკუთვნებული მოქალაქეების შრომის ბაზარზე გააქტიურების და მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ერთობლივი საინფორმაციო კამპანიის განხორციელება. ამასთან, მემორანდუმი ითვალისწინებს სამიზნე რეგიონებში/რაიონში მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობისთვის, მათი შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში ჩართვისათვის საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას. აღნიშნული შეხვედრები ხელს შეუწყობს სამუშაოს მაძიებლების ინფორმირებულობას, დასაქმების ხელშეწყობის სერვისის მიწოდების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ეფექტურს გახდის.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები მიზნობრივ ჯგუფთან პირველ ეტაპზე, თბილისის ყველა რაიონში ჩატარდება, შემდეგ კი რეგიონებშიც გადაინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული საინფორმაციო კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, სიღარიბიდან ამოსვლის ერთადერთი გზა დასაქმებაა.

„სააგენტოებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოხდება სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოსახლეობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, შესაბამისად დასაქმების სააგენტოს მხრიდან მათი დასაქმებაში მხარდაჭერა, მათ შორის კვალიფიკაციის ამაღლებით, შესაბამისი უნარების შეძენითა და მხარდაჭერითი მექანიზმების ამუშავების გზით. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან სიღარიბიდან ამოსვლის სწორედ ერთადერთი გზა - დასაქმებაა. ამ მიმართულებით გავამყარებთ თანამშრომლობას ორ სააგენტოს შორის, რომ მაქსიმალურად დასაქმების ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან გაკეთდეს,“ - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ განაცხადა, ორ სააგენტოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რაც შემდგომი მექანიზმების განხორციელების ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ბარკალაიამ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგოძემ მოაწერეს.