2 დღით თბილისში დონატები აღარ გაიყიდება

”დანკინ დონატსის” რესტორნები ქართველ მომხმარებელს მიმდინარე კვირის ხუთშაბათს და პარასკევს დონატებით ვერ გაუმასპინძლდება.

“ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის ინფორმაციით, რამდენიმე უნიკალური ინგრედიენტის მარაგი ძალიან სწრაფად ამოიწურა და მარაგის შევსებამდე, ქართველ მომხმარებელს 2 დღით მოცდა მოუწევს: ”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რესტორნებში დონატების გარდა ბევრი სხვა საინტერესო და გემრიელი პროდუქტია, საწყის ეტაპზე განსაკუთრებული ინტერესი ჩვენმა საფირმო დონატებმა გამოიწვია. დონატებზე ძალიან დიდი მოთხოვნის გამო რამდენიმე სპეციფიკური, უნიკალური ინგრედიენტის მარაგი ძალიან სწრაფად ამოვწურეთ. მარაგების შევსება კი ჩვენს რეგიონში არსებული წყაროებიდან ვერ მოხერხდება. თუმცაღა, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებით აშშ-დან საჰაერო გადაზიდვის გზით უკვე გამოიგზავნა საჭირო პროდუქტები. ამას გარდა, რამდენიმე დღის წინ სხვა სახის, ასევე აუცილებელი მარაგები სატვირთო მანქანებით გერმანიიდან გამოაგზავნეს. ზემოაღნიშნულის გამო, მიმდინარე კვირის ხუთშაბათს და პარასკევს, მხოლოდ 2 დღით ჩვენ ვერ შევძლებთ, დონატები ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს მივაწოდოთ,” - განმარტავს სოსო ფხაკაძე.

2014 წელს „ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. რის საფუძველზეც 2015 წლის 13 იანვარს საქართველოში „დანკინ დონატსის“ პირველი ორი რესტორანი გაიხსნა.