სახელმწიფო ვერ ხედავს, რა ზიანის მომტანი იქნება ეს გადაწყვეტილება - რესტორატორთა ასოციაცია „მწვანე პასპორტებზე“

„გადაწყვეტილება, რომელიც ახალ რეფორმას გულისხმობს, ხომ უნდა იყოს რაღაც დადებითის მომტანი ბიზნეს სექტორისთვის, ეკონომიკისთვის და საზოგადოებისთვის? სამწუხაროდ, დღეს სახელმწიფოს ეს არ აქვს გააზრებული ან უბრალოდ ვერ უმტკიცებს საზოგადოებას, რა დადებითის მომტანია მათი გადადგმული ნაბიჯები კოვიდთან ბრძოლის კუთხით,“- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა.

ცნობისათვის, „რესტორატორთა ასოციაციისა“ და ეკონომიკის სამინისტროს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ბურჯანაძის თქმით, შეხვედრის ფარგლებში ერთადერთი სიახლე იყო ის, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლები „კოვიდ პასპორტებთან“ მიღებული გადაწყვეტილების სირთულეს და დღევანდელ მდგომარეობას ვერ ხედავენ. მისივე თქმით, შეხვედრაზე იყვნენ ანტივაქსერული განწყობის ადამიანებიც, რომლებიც ეწინააღმდეგებიან "მწვანე ზონების" ამოქმედებას.

„ამ შეხვედრაზე სიახლე დავინახე ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურებიდან მოსული ადამიანები რეალურად ვერ გრძნობდნენ იმ სირთულეებს, რა სირთულის მომტანიც იქნება "კოვიდ პასპორტებთან" დაკავშირებული გადაწყვეტილება. შეხვედრა კარგი იყო იმ მხრივ, რომ ეს მათ ნათლად დაინახეს, მძაფრი რეალობა.

არ დაგიმალავთ და პირდაპირ გეტყვით, რომ დღეს არსებობენ ადამიანები, რომლებიც არსებულ სფეროში მოღვაწეობენ, სახელმწიფოს პოზიციას წარმოადგენენ და პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ინიციატივას „მწვანე ზონების“ ამოქმედებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება "კოვიდ პასპორტებს". მე არ მესმის ამ კანონის, თუ ჩვენ ფიტნეს ცენტრებში, თეატრებში, კაფეებში, რესტორნებში არ ვუშვებთ პასპორტების გარეშე, ხომ უნდა გავითვალისწინოთ რაოდენობა. მაშინ, როცა ქვეყანაში 30%-ია აცრილი, ეს ადამიანები ბიზნესებს უბრალოდ დააზარალებენ. ვისთვის იღებენ მაშინ ამ გადაწყვეტილებას?

გარდა ამისა, ალოგიკურია - იქმნება ვალდებულება, რომ ადამიანი მივიდეს დაწესებულებაში, წარადგინოს პასპორტი და ამ დროს დამხვედრი ადამიანი არ არის ვალდებული აკმაყოფილებდეს კრიტერიუმს. რა ლოგიკაში ზის ეს, არ მესმის?!"- ამბობს შოთა ბურჯანაძე.

ქრისტინე კაპანაძე