დასავლეთის ქვეყნებში ტრადიციული შავი ჩაის გაყიდვები სტაბილურად იკლებს

Financial Times-ის ცნობით, Unilever Corporation-მა ჩაის ბიზნესი ცალკე კომპანიის, Ekaterra-ს სახით გამოყო და დღეს მის გაყიდვაზე ფიქრობს. შვილობილი კომპანიის მენეჯმენტს გადაეცა ბრენდები Lipton, Brooke Bond, PG Tips, Pukka, T2, TAZO, ასევე, ჩაის პლანტაციები კენიაში, ტანზანიასა და რუანდაში. ამასთან, „ორგანიზაციული მიზეზების გამო,“ Unilever ოპერაციების უშუალო კონტროლს ინდოეთში, ინდონეზიასა და ნეპალში აგრძელებს.

Euromonitor-ის ანალიტიკოსი, მეთიუ ბარი Ekaterra-ს საცალო გაყიდვებს 3,6 მლრდ დოლარად აფასებს. FT წყაროს ცნობით, Ekaterra-ს ჩაის ბიზნესი მყიდველს შესაძლოა, 4-5 მლრდ ფუნტი დაუჯდეს. პრეტენდენტებს შორის არიან საინვესტიციო ფონდები, Advent, Carlyle და CVC.

თუმცა გამოცემა წერს, რომ გარიგება შესაძლოა, ადამიანის უფლებათა დამცველებთან კონფლიქტისა და განვითარებულ ბაზრებზე ცუდი გაყიდვების გამო გართულდეს.

„მდიდარი მომხმარებლები სასმელის ალტერნატიულ ვარიანტებზე გადადიან, როგორიც არის ყავა, მცენარეული ჩაი და კომბუჩა (სოკოს ჩაი), რის შედეგადაც დასავლეთის ქვეყნებში ტრადიციული შავი ჩაის გაყიდვები ნელა, მაგრამ სტაბილურად იკლებს. პანდემიამ ეს ტენდენცია მცირე ხნით შეცვალა, მაგრამ ანალიტიკოსები თვლიან, რომ შავი ჩაის გაყიდვების შემცირება გრძელვადიანი ტენდენციაა,“ - წერს Financial Times.

Euromonitor-ის შეფასებით, ხუთი წლის განმავლობაში, 2015 წლიდან 2020 წლამდე Unilever-ის ჩაის პაკეტების გაყიდვები განვითარებულ ქვეყნებში 27 მლნ დოლარით შემცირდა. ამასთან, ისეთი განვითარებადი ბაზრები, როგორიც არის რუსეთი, პაკისტანი და საუდის არაბეთი, შავი ჩაის მოხმარებას ზრდიან. ექსპერტების ვარაუდით, ამ ბაზრებზე ფოკუსირება ისევე, როგორც ალტერნატიული კატეგორიების, მაგალითად, მცენარეული ჩაის განვითარება, შესაძლოა, Ekaterra-სთვის შანსი აღმოჩნდეს.

რაც შეეხება უფლებადამცველების კრიტიკას, ის პირდაპირ კავშირშია Unilever-ის ჩაის ბიზნეს მოდელთან. კორპორაცია დიდ პლანტაციებს ფლობს, რომელთა მუშები ხელმძღვანელობაზე სრულად დამოკიდებული არიან. ეს მოდელი უფლებადამცველებს კოლონიალურ წარსულს მოაგონებს და ადამიანის უფლებების დარღვევასთან ხშირად ასოცირდება.

ბოლო წლებში Unilever რამდენიმე სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. ერთ-ერთი ბოლო სკანდალი კენიაში წარმოების ავტომატიზაციასა და სამუშაო ადგილების შემცირებას უკავშირდება, რამაც პროფკავშირების უკმაყოფილება გამოიწვია. FT-ის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ეს ფაქტორი პოტენციურ მყიდველებს აშფოთებთ, თუმცა, პარალელურად, ისინი პრობლემის მასშტაბებს აზვიადებენ, რათა კომპანიის გასაყიდი ფასის დაწევას მიაღწიონ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ