ესპანეთში, ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაციის გამო, თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

ესპანეთის ქალაქ ლა-კორუნიას აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც ხელისუფლებამ მასში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ მუქარა მიიღო, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი შიდა, ბილბაო-ლა კორუნიას რეისს ასრულებდა.

„თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ ყველა მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა, მისი დათვალიერება კი აეროპორტის შენობებისგან მოშორებით მიმდინარეობს,“- განაცხადა აეროპორტის ოპერატორი კომპანია Aena-ს წარმომადგენელმა.

მათივე ინფორმაციით, 2-საათიანი დათვალიერების შედეგად თვითმფრინავში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.

ამ დროისთვის, ლა-კორუნიას აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.