CNN TURK-ის გადამღები ჯგუფი საქართველოზე სამ სიუჟეტს მოამზადებს

საქართველოს ხუთი დღით CNN TURK-ის გადამღები ჯგუფი ეწვია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს CNN TURK-ის გადამღები ჯგუფი მათი ადმინისტრაციისა და სტამბოლში საქართველოს საკონსულოს ორგანიზებით ეწვია. CNN TURK-ის მეტეოროლოგიური რუბრიკის ხელმძღვანელი და წამყვანი ბუნიამინ სურმელი საქართველოს ბუნების, კლიმატის, კულტურისა და ისტორიის შესახებ სამ 20 წუთიან სიუჟეტს მოამზადებს.

"ხუთი დღის განმავლობაში CNN TURK-ის გადამღები ჯგუფი თბილისს, გორს, ბორჯომს, ვარძიას, ახალციხეს, ქუთაისს, სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეებს და ბათუმს მოინახულებს", - აცხადებენ ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით, თურქი ჟურნალისტები დღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, გიორგი ჩოგოვაძეს შეხვდნენ. მათივე განცხადებით, ბუნიამინ სურმელი 1999 წლიდან CNN TURK-ის უცვლელი წამყვანია და მომზადებული აქვს რეპორტაჟები მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილებიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ალასკას მყინვარის და დიდი კანიონის შესახებ. ასევე აფრიკაში კენიასა და ტანზანიაზე.