ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა (ესკო) საქართველოში ელექტროენერგიის შესახებ განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველომ 1.724.5 მლნ კვ/სთ ელექტროენერგია იყიდა. უნდა აღინიშნოს, რომ იმპორტის ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 39.2%-ით მეტია. შეგახსენებთ, რომ გასული წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ ჯამში 1.049.4 მლნ კვ/სთ ელექტროენერგია იყიდა.
ამასთან, მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველომ ელექტროენერგია ტრადიციულად სამი ქვეყნისგან შეიძინა, კერძოდ, რუსეთისგან, თურქეთისგან და აზერბაიჯანისგან. მოცემულ პერიოდში იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან განხორციელდა და მან 1.057.6 მლნ კვ/სთ ელექტროენერგია შეადგინა, რაც მთლიანი იმპორტის 61.3%-ია. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, აზერბაიჯანისგან იანვარ-სექტემბერში საქართველომ ჯამში 505.7 მლნ კვ/სთ ელექტროენერგია იყიდა, რაც მთლიანი იმპორტის 29.3%-ს შეადგენს. თურქეთიდან კი ამ 10 თვეში 161.2 მლნ კვ/სთ ელექტროენერგია შემოვიდა, ანუ მთლიანი იმპორტის 9.3%.
შესაბამისად, გამოდის, რომ მიმდინარე წელს საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი რუსეთია, თუმცა აქ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, კერძოდ, რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგიის 87% უშუალოდ ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდება, ჯამში ამ 10 თვეში ოკუპირებულ აფხაზეთს 923.7 მლნ კვ/სთ ელექტროენერგია მიეწოდა.