„ყველა კომპანიისთვის მთავარი საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოება უნდა იყოს“ - დავით მესხიშვილი მოპედებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე

ვფიქრობ, მოპედების რეგისტრაცია და სავალდებულო მართვის მოწმობა, მოპედებით მოსარგებლე კომპანიების მიწოდების ხარისხზე დრამატულად არ აისახება - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, თითქმის 6 თვეში მოპედების სავალდებულო რეგისტრაციასთან დაკავშირებული ახალი კანონი ამოქმედდება, რომელიც პარლამენტმა „ საგზაო ცვლილებების შესახებ“ გათვალისწინებული კანონით დაამტკიცა.

ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მოპედების აუცილებელი რეგისტრირების გარდა, საჭირო ხდება სავალდებულო მართვის მოწმობის ქონაც. დავით მესხიშვილი ამბობს, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები უსაფრთხოების სტანდარტებს გააუმჯობესებს. მისივე აზრით, პროდუქტების მიმწოდებელი კომპანიებისთვის, რომელთა თანამშრომლებიც ხშირად მოპედებით გადაადგილდებიან, მოცემული სიახლე პრობლემას არ შექმნის და ამას მიწოდების ხარისხზე დრამატული გავლენა არ ექნება.

„ყველა კომპანიისთვის მთავარი საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოება უნდა იყოს, შესაბამისად, აქამდე ვისაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ისინი გადამზადებას გაივლიან და მეტად უსაფრთხო გარემოში განაგრძობენ მუშაობას. ამ კანონზე საუბარი დიდი ხანია უკვე დაწყებულია, ხოლო დარჩენილ დროში, ვფიქრობ, თავისუფლადაა შესაძლებელი კანონის მიხედვით გათვალისწინებული სიახლეების ათვისება. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს ეკონომიკურად რაიმე ზიანს მოუტანს კომპანიას, ან მიწოდების ხარისხზე დრამატულად აისახება.

ვინაიდან მოპედის მფლობელს მართვის მოწმობის გარეშე შეუძლია გადაადგილება, ამან ერთის მხრივ გაზარდა მოთხოვნა მოპედებზე, თუმცა ასევე გაახშირა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობაც. როდესაც ადამიანის უსაფრთხოებაზე ვსაუბროთ, ამ კონტექსტში, სავალდებულო მოპედების რეგისტრაცია და მართვის მოწმობა მხოლოდ დადებითის მომტანია.

სამწუხაროდ ხშირად 15- 16 წლის ასაკის ბავშვებსაც კი აქვთ მოპედებით გადაადგილების უფლება, რაც მაღალ რისკებს შეიცავს. ამ მიმართულებითაც მოხდება დაბალანსება“, - ამბობს დავით მესხიშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მოპედების რეგისტრაცია 2022 წლის 28 მარტიდან აუცილებელი იქნება, შესაბამისად, მართვის მოწმობის ქონა, სავალდებულო გახდება.

ქრისტინე კაპანაძე