რუსული Sberbank თურქეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისთვის 800 მლნ დოლარის კრედიტს გასცემს

რუსეთის უმსხვილესი კრედიტორი, Sberbank თურქეთის მერსინის პროვინციაში მდებარე აკუიუში პირველი ატომური ელექტროსადგურის (NPP) მშენებლობისთვის 800 მლნ დოლარის კრედიტს გასცემს. ბანკის განცხადებას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

Sberbank-ის განცხადედბაში ნათქვამია, რომ შვიდწლიანი სესხი საპროექტო კომპანია Akkuyu Nuclear JSC-ს გადაეცემა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ატომური ენერგიის კორპორაცია Rosatom-ის შვილობილი კომპანიაა.

„800 მლნ დოლარის ღირებულების ახალი საკრედიტო ხაზი, რომელიც წელს გავხსენით, Sberbank-ს საშუალებას აძლევს, წამყვანი პოზიცია შეინარჩუნოს Rosatom-ის ამ დიდი საერთაშორისო პროექტის კრედიტორებს შორის,“ - აცხადებს Sberbank-ის თავმჯდომარის მოადგილე, ანატოლი პოპოვი.

Sberbank პროექტის პირველი კრედიტორია, რომელმაც 400 მლნ დოლარის შვიდწლიანი სესხი 2019 წელსაც გასცა.

ატომური ელექტროსადგურის პირველი ბლოკი ექსპლუატაციში 2023 წელს, თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე უნდა შევიდეს. დანარჩენი სამი ენერგობლოკი ყოველ წელს სათითაოდ გაიხსნება და სრულ ოპერირებას 2026 წლის ბოლოს დაიწყებს.

დასრულების შემდეგ სადგურს ოთხი VVER-1200 ენერგეტიკული რეაქტორი ექნება და ჯამური 4,800 მეგავატი სიმძლავრით, ყოველწლიურად 35 მილიარდ კილოვატ/საათ ელექტროენერგიას გმოიმუშავებს.

სრულად ამოქმედების შედეგად, პირველი ატომური ელექტროსადგური თურქრთის ენერგომოხმარების, დაახლოებით, 10%-ს დააკმაყოფილებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ