ნიდერლანდები ზამთრის დღესასწაულებზე ფოიერვერკებს წელსაც აკრძალავს. ინფორმაციას ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებელი, NOS ავრცელებს.
მთავრობა მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო საავადმყოფოები ისედაც დატვირთულია და ფოიერვერკის ინციდენტების შედეგად ასობით დაშავებულით სამედიცინო დაწესებულებებზე წნეხი არ უნდა გაიზარდოს.
კორონაპანდემიის გამო, მთავრობამ ფოიერვერკები გასულ წელსაც აკრძალა, რამაც გაცილებით ნაკლები ინციდენტი გამოიწვია. საავადმყოფოებს სულ 108 დაშავებულმა პირმა, 275-მა კი ზოგადი პრაქტიკის ექიმს მიმართა. დანარჩენ წლებში დაშავებულთა საშუალო რაოდენობა ათას კაცს აღემატებოდა.
საახალწლო დღეებში ფოიერვერკების გაყიდვა-გამოყენებაზე აკრძალვის მოთხოვნით მთავრობას ნიდერლანდების მუნიციპალიტეტების ასოციაციამ და მერებმა ამ კვირაში მიმართეს.
კვირის ბოლოს შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და უშიშროების მინისტრებმა, მინისტრთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე, განაცხადეს, რომ მერების გამაფრთხილებელ სიგნალს მეტად სერიოზულად მოეკიდებიან.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ