მერიაში საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობა საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას "სილქნეტის", "GWP"-ს, "კაუკასუს როუდ პროჯექტის", "თბილსერვის ჯგუფის" სანიაღვრე სამსახურის, შპს "კავტრანსპროექტის" , "დელტაკომის" და "ახალი ქსელების" ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. მათივე განცხადებით, რიგით პირველი სამუშაო შეხვედრის მიზანი დედაქალაქის მერიასა და აღნიშნულ კომპანიებს შორის კოორდინირებული მუშაობა იყო. შეხვედრაზე ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებზეც იმსჯელეს. ყოფილი ელბაქიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია "კაუკასუს როუდ პროჯექტი" აწარმოებს.

კომპანიის დირექტორის, ლევან ტრაპაიძის თქმით, ჯავახიშვილის ქუჩაზე უკვე მოეწყო მიწის ყრილი. მომდევნო ეტაპი იქნება ხიმინჯების დაყენება და კედლის გამაგრება, რის შემდეგაც კომუნიკაცია მოწესრიგდება და ქუჩის მოპირკეთება დაიწყება. მერიის განცხადებით, საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებთან შეხვედრა თვეში ერთხელ გაიმართება.